დასავლური დემოკრატიული ქვეყნების სანქციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აღარ არის მიმართული, არამედ მიმართულია მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, ვლადიმირ კარა-მურზამ განაცხადა, რომელიც 1-ელ აგვისტოს, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს.
„მაგნიტსკის აქტის პრინციპია, რომ პირადად იმ ადამიანებმა, რომლებიც დადასტურებულ და სანდო მონაცემებზე დაყრდნობით თავიანთ ქვეყანაში კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ, ვეღარ შეძლონ მოპარული საქონლის ექსპორტი და დასავლეთის ქვეყნებში არსებული დემოკრატიული პრინციპების უპირატესობებით სარგებლობა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ, მრავალი დემოკრატიული ქვეყნის მიერ ამ პრინციპიდან გადახვევას ვხედავთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნების სანქციები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და პუტინის რეჟიმის უმაღლესი რანგის კონკრეტული დამნაშავეების წინააღმდეგ აღარ არის მიმართული, არამედ მიმართულია მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვლადიმირ კარა-მურზამ.
კარა-მურზას თქმით, ეს „უკიდურესად უსამართლო და კონტრპროდუქტიულია“, რადგან რუსულ პროპაგანდას საშუალებას აძლევს წარმოაჩინოს, რომ რუსები „მტრებით არიან გარშემორტყმული“.
პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულმა რუსმა ოპოზიციონერებმა ვლადიმირ კარა-მურზამ, ილია იაშინმა და ანდრეი პივოვაროვმა პრესკონფერენცია გერმანიის ქალაქ ბონში გამართეს.
შეგახსენებთ, 1-ელ აგვისტოს, დასავლეთის ქვეყნებმა და რუსეთმა ანკარაში პატიმრები გაცვალეს. რუსულ მხარეს 8 დაკავებული გადაეცა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს კი 16.
რუსული მხარისთვის გადაცემულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან: არტემ დულცევი (გათავისუფლებული სლოვენიიდან), ანა დულცევა (გათავისუფლებული სლოვენიიდან), მიხაილ მიკუშინი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), პაველ რუბცოვი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), რომან სელეზნიოვი (გათავისუფლებული აშშ-დან), ვლადისლავ კლიუშინი (გათავისუფლებული აშშ-დან), და ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი (გათავისუფლებული გერმანიიდან).
გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია.
გაცვლის ფარგლებში გერმანიას გადაეცა გერმანიის 5 მოქალაქე - რიკო კრიგერი, კევინ ლიკი, პარტიკ შობელი, დიტერ ვორონინი და ჰერმან მოიჟესი, ასევე, 7 რუსი პოლიტიკური პატიმარი - ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ვადიმ ოსტანინი, ანდრეი პივოვაროვი, ოლეგ ორლოვი და საშა სკოჩილენკო.