პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე - ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე, ყველა გველოდება - ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, შეჩერება არის არჩევნებამდე

ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, შეჩერება არის არჩევნებამდე , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სრულად დამოკიდებულია არჩევნებზე და ახლა პარტნიორების მხრიდან ყველაფერი დროებით არის შეჩერებული და არა გაჩერებული.

„ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] არის მთელი ჩვენი დღევანდელი და მთელი საზოგადოების ამოცანა. ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე. ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა იმ ძალით, რომ შეასრულონ ქარტია, მიიღონ ეს კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, სიმბოლურად, ყველაზე მნიშვნელოვანი „რუსული კანონი“. ამით დაუდასტურონ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპის გზას.

მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ. ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმას, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა.

ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც აქამდე არსებობდა და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი არც ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი პარტნიორების და არც სხვების მიმართ. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გავლილი მანამდე, რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გვქონდეს პრეტენზია, დავუბრუნდეთ აჩქარებული ტემპით იმ გზას, რომელიც ჩვენი არის. ეს ჩვენს ამომრჩეველზე არის დამოკიდებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება