“კლანი” ასე უტიფრად არასოდეს მოქცეულა, როგორც ახლა მოიქცა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატურის წარდგენაზე - ეს არის დღეს უკვე ხელისუფლება, რომელიც არის “კლანის” მძევალი, არა მხოლოდ “კლანთან” ერთად შეხმატკბილებული, არამედ მათი მძევალი და ეს არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვეტინგის საშუალებით სასამართლო “კლანის” შეცვლა უნდა მოხდეს.
“ქართული ქარტია", ეს არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ მივიდეთ ხელახლა ევროკავშირის კარებთან, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ ზოგადად უნდა იცოდეს. ასევე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნიშნავს ყველა იმ კანონების გაუქმებას, (პირველ რიგში, “რუსული კანონის”, პირველივე პარლამენტის სხდომაზე გაუქმებას), რომელსაც ვეტო დავადე და მათ ვეტო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავადე, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას. მეორე არის ამნისტია, ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც მონაწილეობდნენ მარტის პროტესტში და შემდგომ {პროტესტებში}, რომლებიც ან დაჯარიმდნენ, ან დააპატიმრეს და ა.შ. ეს ადამიანები ყველანი უნდა გათავისუფლდნენ ყველანაირად. მესამე, ის მთავარი საკითხები, რომელიც ევროკავშირის ყველა რეკომენდაციებში იდო და რომელიც ეხება სასამართლო სისტემას და “კლანს”. მინდა გაგახსენოთ, რომ “კლანი” ასე უტიფრად არასოდეს არ მოქცეულა, როგორც ახლა მოიქცა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატურის წარდგენაზე, სადაც პრაქტიკულად, “კლანმა” გადაწყვეტილება მიიღო, სანამ ხელისუფლება მიიღებდა. ალბათ, ხელისუფლება მიყვებოდა, მაგრამ “კლანის” აკრძალვა იყო, რომ არა ვეტინგს, არა რამე გადახედვას, იმ მოსამართლეების, რომლებიც არსებობენ სისტემაში, ანუ თავიანთი თავის დაცვა და ამისი ბრძანება ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას მისცეს. ეს არის დღეს უკვე ხელისუფლება, რომელიც არის “კლანის” მძევალი, არა მხოლოდ “კლანთან” ერთად შეხმატკბილებული, არამედ მათი მძევალი და ეს არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის. ამიტომ დროზე უნდა შეიცვალოს ეს “კლანი”, ამისი მეთოდი ჩაწერილია “ქართულ ქარტიაში”და ეს არის ვეტინგი - გადასინჯვა ყველა მთავარი თანამდებობების და ახალი მოსამართლეების. ეს უნდა გაკეთდეს უმოკლეს ვადაში, ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ეს იქნება ნიშანი პოლიტიკური ნების, რაც არსებობს ქვეყანაში და რაც არსებობს არჩეულ ევროპულ პოლიტიკურ პარტიებში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში კორუფციის ნიშნული “გაათმაგებულია”.
“ამ ქარტიაში, ასევე არის სხვა ზომები, რომლებიც ეხება დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მათ შორის ეროვნულ ბანკს. რაც შეეხება კორუფციას, რომელიც არის უდიდესი სენი. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ კორუფცია არის აწეული ისეთ ნიშნულზე, რომელიც არ გვინახავს. მიშას დროსაც არა უშავდა, ბოლო პერიოდში ელიტურ კორუფციაზე ყველა საუბრობდა. დღეს ეს არის გაათმაგებული. და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, როგორ მიყვებიან კვალდაკვალ ყველა მიშას ავტორიტარული რეჟიმის ნაბიჯებს. კარგ ნაბიჯებს რეფორმებზე, რაც {მმართველობის} დასაწყისში იყო, იმას არ მიყვებიან და ამ ნაწილს იცოცხლეთ, კარგად ასრულებენ და გადააჭარბეს კიდევაც”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის გეგმავს, რომ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში “ქართული ქარტია” ბრიუსელში ჩაიტანოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდეს.
“მე, ჩემი მხრივ, ვეცადე, მაგრამ არ დამიმთავრებია, ახლა “ქართული ქარტიის” პოპულარიზაციისთვის მუშაობა იწყება. სხვათა შორის, ამ კუთხით საზოგადოებრივი ახალი დაჯგუფებები მუშაობენ. მართალია ცოტამ იცის ქარტიის შესახებ ძირეულად, მაგრამ ვინც იცის, თუ არ ვცდები 75% ეთანხმება და მიესალმება. ეს ნიშნავს, რომ მუშაობას აზრი აქვს. ახლა იწყება ნამდვილი კამპანია და ეს კამპანია არ შეიძლება იყოს სხვა რამეზე, გარდა “ქართულ ქარტიაზე”.
ბრიუსელში “ქართულ ქარტიას” მივიტან. მე შევხვდი ცოტა ხნის წინ, ოლიმპიურ თამაშებში, წვიმის ქვეშ შარლ მიშელს და გავახსენე, რომ ქარტიით ჩასვლას ბრიუსელში ვაპირებდი. ალბათ, აგვისტოს ბოლოს თუ სექტემბრის დასაწყისში, ეს საშუალება იქნება. თუმცა საქმე აქ არის გასაკეთებელი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.