ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

ენტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია.

“დღეს, თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, დაჭრეს, ან იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად.

დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ მყოფ ხალხზე, მათ შორის აფხაზეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისადმი ნაბიჯების გადადგმით.

შეერთებული შტატები ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი დაპირებები და ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაიწვიოს. ეს ქმედებები ათობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს.

შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია”, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს