ირაკლი ღარიბაშვილი - წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო - ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ისინი „ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე“.

„აგვისტოს ომის საშინელი ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების, ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელ ხსოვნას. ჩვენ კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას. ამ ომმა ჩვენს ქვეყანას საშინელი შედეგები მოუტანა. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა. დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, წინა ხელისუფლებამ აბსოლუტურად მოღალატეობრივად, უბრძოლველად ჩააბარა კოდორის ხეობა. ომის შედეგად დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აირიდა ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო. ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. აქვე მინდა ერთი რამ ვთქვა, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს და ქვეყანას მოუტანოს, ეს არის სწორედ ომი, საკუთარი, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა. იმ ტერიტორიების, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. როცა ამ ტერიტორიებს შენი უგუნურებით, ღალატით თუ გამყიდველობით აბარებ უცხო, ოკუპანტ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა, არის ღალატი. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებაც. ქართველმა ხალხმა ამას უკვე გასცა პასუხი 2012 წლის არჩევნებზე. კითხვები მაქვს, რაც საჯაროდაც დამისვამს, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, როგორ მოხდა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების ჩაბარება, ათასობით დევნილის მიღება საკუთარ მიწა-წყალზე, ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, წინა ხელისუფლებამ ომიდან რამდენიმე თვეში ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები და აქტივები ოკუპანტ ქვეყანა რუსეთს გადასცა.

„ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ისინი მხარს გვიჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ვნახეთ, რომ ომის შემდეგ რუსეთმა განათავსა კიდეც ბაზები, დასავლეთმა გააგრძელა ვაჭრობა თუ ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში ისე, როგორც მიმდინარეობდა. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილიც. ამიტომ ვამბობთ ყოველთვის, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი, მაგრამ ასევე ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომ არის ძალიან ღირებული ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოიტანა. 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვახერხებთ, რომ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორე მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე