სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა შეუძლია ჰქონდეს, მაგრამ ივანიშვილის 12- წლიანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მოიტანა სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს. 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, ვალეში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილია კონკრეტულად ვალე, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს წარმოუდგენელი ეკონომიკური განვითარება, მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანები სიღარიბეს, უმუშევრობას ებრძვიან, ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით ქალებს უწევთ წასვლა იძულებით ემიგრაციაში. ეს რეგიონი, ისევე როგორც მთელი საქართველო, უიმედობას, უპერსპექტივობას ებრძვის და ამის დამარცხების, დასრულების შესაძლებლობა ჩვენ 26 ოქტომბერს გვაქვს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს არა მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ეს არის ასევე შესაძლებლობა, რომ ივანიშვილის 12- წლიანი მმართველობის შედეგად მოტანილი სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია, ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს. კატასტროფულად გაზრდილი ფასები, უპერსპექტივობა, ესეც უნდა დავასრულოთ და ამ ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე მუშაობს, არამედ, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის მუშაობს. ამ რეგიონს აქვს განსაკუთრებული ეკონომიკური პერსპექტივა, როგორ შეიძლება, რეგიონში, სადაც ვარძია, ბორჯომის ტყე-პარკი, ზოგადად უნიკალური წყლები, აბასთუმანი არის, ის უნიკალური შესაძლებლობები, რაც შეიძლება იყოს აბასთუმანში, მათ შორის ობსერვატორია, რაბათის ციხე, იქ ტურიზმი უმაღლეს დონეზე არ იყოს განვითარებული“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს მმართველობა ჩაიბარა, 50 000 ტურისტი შემოდიოდა საქართველოში, მაგრამ როდესაც მან ხელისუფლება დატოვა, თითქმის 10 მილიონამდე იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა.
„მაშინ მე მახსოვს, რომ ივანიშვილის გარემოცვა და თავად ივანიშვილი ცინიზმით საუბრობდნენ ხოლმე ტურისტულ სექტორზე. რეალურად, ეს არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც პრეზიდენტი სააკაშვილის ძალისხმევით შექმნილი ინსტიტუტია, რომელიც ახლა ამ ქვეყანაში ინერციით მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში მაღალი მყიდველობისუნარიანი ტურისტები არ შემოდიან, რომ დამატებითი ღირებულება შეიქმნას, საქართველოს მოქალაქეებმა სიკეთე მიიღონ, დასაქმება შეძლონ, სამუშაო ადგილები გაჩნდეს. აქაც ვერ განავითარა ივანიშვილმა ვერაფერი, რადგან აქაც მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით არის დაინტერესებული. აბასთუმანზე როდესაც ვსაუბრობთ, რაც იქ ხდება დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე კარგად იცით. ივანიშვილმა მიწები ნახევარ ფასად მიიტაცა და ახლა სახელმწიფო ტენდერებით აშენებს საკუთარ ქონებას, ანუ საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან უღებს ფულს მილიარდერი ივანიშვილი და საკუთარი ქონების მშენებლობაში დებს ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული ჩაიდოს მაგალითად, წყლის მომარაგების პროექტებში, როდესაც 21-ე საუკუნეში გრაფიკით მიეწოდება წყალი ვალეს და არის დღეები, როდესაც შეიძლება საერთოდ არ იყოს წყალი. რატომ ? იმიტომ, რომ ის გამოყოფილი თანხები, მილიონობით ლარები მიდის ივანიშვილის და მისი კორუმპირებული გარემოცვის ჯიბეებში ნაცვლად იმისა, რომ იდებოდეს იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც სასიცოცხლოდ ჭირდება ვალეს, სამცხე-ჯავახეთს, მთელ საქართველოს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არა მხოლოდ ტურიზმით, არამედ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობითაც. ამას იმისთვის კი არ უნდა ვიყენებდეთ, რომ ვალეს მცხოვრებთა უმრავლესობა საზღვარზე პროდუქტების იაფად საყიდლად გადადიოდეს, რადგან აქ ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს, ეს ყველაფერი კი ხელოვნურად ხდება, რადგან ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, სექტორული მონოპოლიები, რომელიც ივანიშვილს აქვს. იმის გამო, რომ ეს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობისთვის კი არ ირჯება, არამედ, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.