კახა კალაძე - ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მიიღებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება - ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის" ლეგენდებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაესწრო.

შეხვედრა Casa Milan-ის მუზეუმში გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის ისტორიაა წარმოდგენილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიური კლუბის ისტორიაში თავისი ფურცელი ქართველმა კახა კალაძემაც ჩაწერა.

„ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ხედავ შენს განვლილ წლებს კონკრეტული მოგებული თასით. „მილანის" მუზეუმში წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც ამ გუნდს აქვს მიღებული. მათ შორის, ის ორი თასი, რომელიც მე ამ კლუბთან ერთად მოვიგე - ერთი მანჩესტერში მოგებული და მეორე - ათენში. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და მქონდა შესაძლებლობა, საუკეთესო 10 წელი გამეტარებინა აქ. როგორც ფეხბურთელმა, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა „ჩემპიონთა ლიგის" მოგება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ორჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა. მე მახსოვს, თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოშიც, როგორ ზეიმობდა ქართველი გულშემატკივარი ჩემს გამარჯვებას „მილანთან" ერთად.

რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრას, მასში მონაწილეობას „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები მიიღებენ: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ჩვენს პატარებს, მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება და გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები, ერთ დროს ვისაც გულშემატკივრობდნენ, იხილონ საქართველოში", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დაგეგმილ მატჩზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით მუჯირმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა