„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს პოლიტიკური არათანმიმდევრულობა, ვიტყოდი, იდიოტიზმის ხარისხში ასული, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს აზარალებს - ეს არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,- აღნიშნულის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის მიერ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოს აბრალებს იმას, რასაც მხოლოდ რუსეთი აბრალებს.
„ეს არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ატარებს სწორედ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც გააჩნია რუსეთს; რომელიც სვამს იმ კითხვებს, რომელსაც მხოლოდ რუსეთი სვამს; რომელიც საკუთარ სახელმწიფოს აბრალებს იმას, რასაც მხოლოდ რუსეთი აბრალებს ქართულ სახელმწიფოს. ამაზე კარგი დასტური იმისა, რომ დღეს კანცელარიაში არიან რუსები, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ არსებობდეს. საინტერესოა, როდესაც კანდიდატობის მიღებას ეხება საქმე, „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ თურმე სახელმწიფო და მთავრობა არ იმიჯნება, როდესაც აგვისტოს ომს ეხება, თურმე პირიქით. „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს პოლიტიკური არათანმიმდევრულობა, ვიტყოდი, იდიოტიზმის ხარისხში ასული, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს აზარალებს. ის, რასაც „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამბობს, უნდა გვესმოდეს, რომ არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ან რომელიმე კონკრეტული ოპოზიციის წინააღმდეგ”, - განაცხადა გეგელიამ.
ამასთან, გეგელია გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის წერილს, რომელიც ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისწერა და აღნიშნა, რომ მათ შორის, „აშშ შეწუხებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსიდან გადახვევის გამო“.
„უკლებლივ ყველაა სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის აშშ, რა თქმა უნდა, შეწუხებულია იმით, რომ საქართველომ იმ კურსს გადაუხვია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ჰქონდა და რომ ქართული სახელმწიფოებრიობა დადგა რისკის ქვეშ. სამწუხაროდ, ის, რაც განახორციელა „ქართულმა ოცნებამ” არის ქართული სახელმწიფოს რისკის ქვეშ დაყენება. გადახედვის ქვეშ არის ყველა ფუნდამენტური მიმართულება, მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკა. ამ ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა, რომ ის არის ჰამასის, ჰეზბოლას და კრემლის მეგობარი, მაგრამ არა ბრიუსელის და ამერიკის პარტნიორი. ეს არის ის ობიექტური მოცემულობა, რომელიც გვაქვს, რომელიც ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს და რომლის კვალდაკვალ, თითოეული ქართველი უნდა გამოვიდეს და 26 ოქტომბერს უნდა აირჩიოს ეროვნული და ევროპული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გეზს აღადგენს”, - განაცხადა გეგელიამ.
გეგელიამ უპასუხა კითხვას, რამდენად რელევანტურია აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერილ წერილში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბარი.
„გამჭვირვალობის კანონი ყველა სხვადასხვა თემაზე საუბრისას არის რელევანტური. ე.წ “გამჭვირვალობის” ანუ, “რუსული კანონის” მიღებით ამ ხელისუფლებამ ხელი მოაწერა საქართველოს გეოპოლიტიკურ ჩაბარებას. შესაბამისად, ეს კანონი ყოველთვის დარჩება, როგორც მთავარი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა რუსეთის და რუსიფიკაციის მიმართულებით და დასავლეთის და ევროატლანტიკური სვლის საწინააღმდეგოდ”,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.