პრეზიდენტი ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრისას - ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„მათ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს არ არის რეგიონული ვიზიტი. სწორედ იმის საჩვენებლად და დასადასტურებლად ჩამოვიდნენ, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზიდენტის პირად ძალისხმევას საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის გზაზე.

სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც „რუსული კანონია“, რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას.

საუბარი ასევე შეეხო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ამომრჩევლის მობილიზების მნიშვნელობას და გააცნო ქართული ქარტია, როგორც სამოქმედო გეგმა ევროპული რეკომენდაციების მოკლე ვადაში შესასრულებლად და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იგრძნოს აშშ-ის მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს მეგობარი აქტის მნიშვნელობაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის.

შეხვედრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ოჩამჩირის პორტის საკითხი. სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა განაცხადეს, რომ აპირებენ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში