წინასაარჩევნოდ საერთაშორისო დონეზე ხშირად კეთდება განცხადებები, რომელიც კვებავს ოპოზიციის ნარატივს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვედრაზე მიაწვდიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე და ზოგადად, იმ მოლოდინებზე, რაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებზე აქვთ.
„ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, როგორ გავიდა ნიუსი პარტიულ ტელევიზიებში, რომ თურმე დღევანდელ შეხვედრაზე კონგრესმენი და სენატორი ოპოზიციას ხვდებოდა. რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მოწვევა განხორციელდა მომენტალურად, როდესაც ეს შეხვედრა დაიგეგმა და ჩვენ თავისთავად, მოხარულები ვართ, რომ მათ შევხვდებით. სამწუხაროდ, ასეთ წვეულებებზე არის მცირედი შანსი სიღრმისეულად ვისაუბროთ, თუმცა, კარგია, რომ პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან იყო შეხვედრები და მათ ჰქონდათ სიღრმისეულად საკითხების განხილვის საშუალება. რაც მთავარია, ჩვენი მხრიდან იქნა გადაცემული სტრატეგიულ პარტნიორთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი მოლოდინები, ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა და ზოგადად, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები“, - განაცხადა წილოსანმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრებისას არაერთ ფორმატში უსაუბრიათ ცრუ ნარატივებთან დაკავშირებით და იმაზეც, თუ რას გულისხმობენ, როცა „ომის პარტიაზე“ საუბრობენ.
„ცრუ ნარატივებთან დაკავშირებით არაერთხელ არაერთ ფორმატში გვაქვს მათთან ნასაუბრები. ის ფაქტი, რომ „ომის პარტია“ არ მიემართება არცერთ ქვეყანას და მის ოფიციალურ წარმომადგენლობას, ეს არაერთხელ არის ახსნილი. ეს ტერმინი მოიცავს მთლიანად იმ ძალებს, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა საომარ თუ კონფლიქტურ სიტუაციებს აინიცირებენ და ხელს უწყობენ. თუმცა, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო, რადგან კიდევ უფრო შეესაბამება და მიესადაგება ოპოზიციის ნარატივს და გარკვეულწილად ეს შფოთვა ოპოზიციას წაადგება ხოლმე. წინასაარჩევნოდ ხშირად კეთდება ისეთი განცხადებები საერთაშორისო დონეზეც, რომელიც კვებავს ოპოზიციის ნარატივს, მაგრამ ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოება იმსჯელებს - ომის პარტია იქნება ეს თუ ომთან დაკავშირებული ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია.
კითხვაზე: რაზე მეტყველებს ის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც ერთნაირად აკრიტიკებენ? - წილოსანმა უპასუხა: „სამწუხაროა, თუ ჩვენი პარტნიორები და დონორები არასამთავრობო სექტორს უყურებენ იმ რადიკალური ორგანიზაციების ჭრილში, რომელზეც რეალურად შეიქმნა პრობლემა და რომლებიც დიდწილად, ყოველწლიურად აორგანიზებდნენ რევოლუციურ თუ ანარქიულ სცენარებს“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ჯერზე, შეხვედრების ყველა ეტაპზე ავუხსნით მათ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა და ფორმირება, ასევე უკვე ფორმირებულის გაძლიერება, თუმცა, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად არ გულისხმობს იმ რევოლუციურ სცენარებს, რომელსაც არაერთი "ენჯეო" სექტორის წარმომადგენელი ემსახურება", - განაცხადა წილოსანმა.