არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღნიშნული ფაქტი [ნიკა მელიაზე თავდასხმა] არის პირდაპირ შიდაპარტიული დაპირისპირება - სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია, კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კალაძის შეფასებით, არ შეიძლება ძალადობა იყოს წახალისებული.
„ზოგადად, ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვგმობ ასეთ ქმედებებს. როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო ან რაიმე მისასალმებელი კომენტარი გააკეთო? კატეგორიულად ვგმობ ძალადობას და მიუღებელია, ისევე, როგორც ის სპეკულაციები, რომელიც ვრცელდებოდა - თითქოს, ეს მმართველი გუნდის დაორგანიზებული იყო. დღეს ჩვენ გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში აწარმოოს მისი საარჩევნო კამპანია. ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები მათგან განსხვავებით. მახსოვს, როდესაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი თავს დაესხა, რა განცხადებებს და მოწოდებებს აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია როგორიც უნდა იყოს, გინდ ფსიქოლოგიური, გინდ ფიზიკური. ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ და არანაირად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს წახალისებული.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირ შიდაპარტიული დაპირისპირება. ჩვენ თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადი და ნათელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია, კატეგორიულად მიუღებელია. ყველაზე მეტად, ვისაც ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და მშვიდობის პოლიტიკის გატარება უნდა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებაა“. სხვა ყველა - ეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა; მომხრე იმისა, რომ მეორე ფრონტი გაჩენილიყო ქვეყანაში და ა.შ. მათ ქვეყანა, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, რასაც დაავალებენ იმის გამკეთებლები არიან. ქვეყნის, შენი სამშობლოს საწინააღმდეგო რომ იყოს, ამაზეც წამსვლელები არიან“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.