საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, Horizon Europe-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, GAIN-ის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში საზაფხულო სკოლის - „ადამიანის შემეცნებისა და ემოციის მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - გახსნის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საზაფხულო სკოლა, რომლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მკვლევრები პარტნიორი სამეცნიერო ორგანიზაციებიდან: პროფესორი ფრანსუა ბრემონი - ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (INRIA, საფრანგეთი), ფილიპ მიულერი და ბენედიკტ ვირთი - გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი (DFKI); (DFKI, გერმანია), მინჰა ლი - ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), ასევე, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები.

საზაფხულო სკოლა ხორციელდება კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ეგიდით, 2023 წელს ინსტიტუტის მიერ მოპოვებული პრესტიჟული საერთაშორისო საგრანტო პროექტ GAIN-ის ფარგლებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, GAIN-ის კორდინატორის, გიორგი გიორგობიანის თქმით, პროექტი ევროპული ძალისხმევის სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას უზრუნველყოფს და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიაში - ხელოვნურ ინტელექტში (AI) მიღწევების გაუმჯობესებას.

„საზაფხულო სკოლა, ჩვენი ორგანიზებით პირველად ტარდება. თუმცა 2003 წელს, 4-8 სექტემბრის პერიოდში, ჩვენ ვმონაწილეობდით პროექტ GAIN-ის პირველ საზაფხულო სკოლაში, რომელიც ჩატარდა INRIA-ში, სოფია ანტიპოლისში. ღონისძიება იყო INRIA-DFKI ხელოვნური ინტელექტის მე-3 ევროპული საზაფხულო სკოლის (IDESSAI 2023) ნაწილი. MICM წარმოდგენილი იყო 10 ახალგაზრდა მკვლევრით და პროექტის კოორდინატორით, 5 სექტემბერი კი ქართველი პარტნიორების პრეზენტაციებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ქართველ სტუდენტებს შორის საზაფხულო სკოლამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციებზე დასწრების სურვილი გამოთქვეს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი არიან პროფესორ-მასწავლებლები და დარგის სპეციალისტები. საზაფხულო სკოლაში ჩართული 26 მონაწილიდან 19 - სტუდენტია. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ხელმძღვანელობით, სადოქტორო ნაშრომისთვის კვლევებს სამი თვის მანძილზე გერმანიასა და საფრანგეთში ჩაატარებს“, - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, ინსტიტუტის კოორდინაციით, მიმდინარეობს „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტი - „ხელოვნური ინტელექტის ნეთვორკინგის და თვინინგის ინიციატივა საქართველოში“ (Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative), რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიების პარალელურად, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი საზაფხულო სკოლის პროექტს ახორციელებს.

„ჩვენი პარტნიორები არიან ევროპული კვლევების უპირობო ლიდერები - გერმანული DFKI-ი და ფრანგული INRIA, აგრეთვე, მაღალი ტექნოლოგიების კომპანია EXOLAUNCH (გერმანია). პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ინტეგრირებისთვის იმ ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ზოგიერთი კვლევითი პროფილის შესაბამისობაში მოყვანა ხელოვნური ინტელექტის პროფილთან და მისი დაკავშირება ევროპის კვლევების და ინოვაციების საზოგადოებასთან. ამასთან ერთად, ჩვენი სტუდენტები და მეცნიერები კვლევებს გერმანელ და ფრანგ მეცნიერებთან თანამშრომლობით ატარებენ“, - აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია.

სტუ-ის ინფორმაციით, საზაფხულო სკოლა - „ადამიანის შემეცნებისა და ემოციის მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით” - სამი დღის მანძილზე იმუშავებს. სტუდენტების წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან უცხოელი მეცნიერები: ფრანსუა ბრემონი თემით - „კომპიუტერული ხედვა მოქმედების ამოცნობისთვის“, ფილიპ მიულერი - „AI-ზე დაფუძნებული მულტიმოდალური ურთიერთქმედების ანალიზი“, ბენედიკტ ვირთი - „სახის ამოცნობა ადამიანებში და DCNN-ები“ და მინჰა ლი - „ერთობლივი გონების აღქმის მორალური შედეგების შესწავლა“.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა