ვასო ურუშაძე - უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რათა პირადი სარგებელი მიიღოს

უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რათა მიიღოს პირადი სარგებელი, რომლითაც შემდეგ ის აფინანსებს მმართველ პარტიას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მმართველ პარტია ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები და მედია ამტკიცებდა. ეს არ იყო მხოლოდ ვარაუდები, ეს იყო მტკიცებულებები, რომელიც არაერთხელ გადაეცემოდა სხვადასხვა ოპოზიციური არხის ჟურნალისტური გამოძიების რეპორტაჟებში, თუმცა დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რათა მიიღოს პირადი სარგებელი, პირადი კეთილდღეობა.

საუბარია დიდი ოდენობით შავ ფულზე, რომლითაც ის აფინანსებს თავის მმართველ პარტიას და რომელიც ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში.

ამ დანაშაულებრივი სქემების მფარველობაში ჩართულია მთლიანი სახელმწიფო სტრუქტურა, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გაგრძელებული ფინანსური პოლიციით და შინაგან საქმეთა სამინისტროთი.

ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი შექმნილ პერსპექტივას იყენებდეს ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შემოჰქონდეს ინვესტიციები, ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ავითარებდეს ეკონომიკას, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირადი სარგებელი მიიღოს ამ დანაშაულებრივი საქმიანობით, გამდიდრდეს თავად და მისი ვიწრო ოლიგარქიული კლანი.

მეტსაც ვიტყვი, ეს არის დასაწყისი! ღრმად ვარ დარწმუნებული და სავარაუდოდ, დაწყებულია გამოძიებაც საერთაშორისო დონეზე, რომელიც აუცილებლად მივა ივანიშვილის და მისი გარემოცვის კართან. ისინი პასუხს აგებენ როგორც საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მთელი მსოფლიოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“, - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა