„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ საარჩევნო პროცესი მოაქციოს ომისა და მშვიდობის ჩარჩოში და ამით მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა, შიშზე დაფუძნებული ხმები მიიღონ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
ცისკარიშვილის განცხადებით, ყოველი არჩევნების წინ „ივანიშვილის დაჯგუფებას აქვს ახალი ნარატივი“, ახალი ბრალდებები, საკუთარი ამომრჩევლის, რაღაც ნაწილის გასამყარებლად.
მისივე თქმით, საქართველოს ბრალეულობას ამტკიცებს, მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფო.
„ყოველი არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფებას, აქვს ახალი ნარატივი, წარმოადგენენ ხოლმე ახალ ბრალდებებს, საკუთარი ამომრჩევლის, რაღაც ნაწილის გასამყარებლადაც, შეიძლება, მათ შორის, პრორუსულად განწყობილი საზოგადოების იმ მცირე ჯგუფების შემოსამტკიცებლადაც. წინასაარჩევნოდ კეთდება ასეთი განცხადებები და გაისმის ასეთი ბრალდებები. როგორც კი დასრულდება არჩევნები, ისინი სახლებში წავლენ და ოპოზიციაში გადაინაცვლებენ.
არ არსებობს ის კონკრეტული ბრალდება, რაც შეიძლება საქართველოს წაუყენო, ან საქართველოს მთავრობას წაუყენო, რაც არ უნდა მოღალატე იყო, შენ საქართველოს შიგნით, იმიტომ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გაამართლა საქართველო, საქართველოს მხრიდან ჩადენილი ვერანაირი ბრალეულობა ვერ იპოვა. უცხო ქვეყნის ჯარები შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის ბრალეულობას ვინც ამტკიცებს, ეს არის მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფო, რომლებმაც აღიარეს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ამით შემოიფარგლება ის მხარდაჭერა, რომელიც რეალურად პოლიტიკურად და სამართლებრივად „ქართულ ოცნებას“ ამ თემასთან დაკავშირებით აქვს, მაგრამ მათ როგორც ჩანს სხვა სალაპარაკო არ აქვთ, დაპირებებს ვეღარ გასცემენ, ქვეყანა წინ როგორ წაიყვანონ არ იციან და რომც იცოდნენ ვეღარც გამოუვათ, იმხელა დანაშაულები აქვთ უკვე ზურგზე წამოკიდებული. აქედან გამომდინარე, უნდათ, რომ საარჩევნო პროცესი მოაქციონ ომისა და მშვიდობის ჩარჩოში და ამით რაღაცნაირად გაძვრნენ და მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა, რომ შიშზე დაფუძნებული ხმები მიიღონ.
შიშზე დაფუძნებული ხმების მაგივრად ქართული საზოგადოება ამ მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს, ძალა ერთობაშია და 26 ოქტომბერს ესენი უნდა დამარცხდნენ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.