დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბერს, ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და ერთიანობით მოვუტანთ ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობასა და სიკეთეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, ევროპისკენ მიმავალი გზა ქვეყანას ჩაუხერგოს და ეს ისტორიული შესაძლებლობა წაართვას, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერებს საკუთარი შვილები ევროპასა და ამერიკაში ჰყავთ გაგზავნილი განათლების მისაღებად.
„ყველამ კარგად გაიგონა განსაკუთრებით ახალგაზრდების ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობდნენ „არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, კი ევროპას და კი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, მაგრამ ივანიშვილს სურს, რომ ეს გზა ევროკავშირისკენ, მაშინ, როდესაც არის ისტორიული შესაძლებლობა, რომ უმოკლეს დროში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს გზა ჩაგვიხერგოს და ეს პერსპექტივა წაგვართვას ჩვენ და ჩვენს შვილებს. თავიანთ შვილებს სად აგზავნიან? სწორედ ევროპაში და ამერიკაში აგზავნიან განათლების მისაღებად, სახელმწიფო თვითმფრინავებს კერძო მიზნებისთვის იყენებენ, რომ თავიანთი შვილები ამერიკაში წაიყვანონ განათლების მისაღებად. კი ბატონო, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს კარგი განათლების მიღებაში, მაგრამ ჩვენ შვილებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი ევროპული და ამერიკული განათლება? ჩვენი შვილებისთვისაც გვინდა ხარისხიანი განათლება და ერთადერთი წინაღობა, რაც დღეს არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები, მაღალი ხელფასები, ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომლის რუსული კანონისა და რუსული ნაბიჯების გამო, ყოველდღიურად მილიონობით ევროსა და დოლარს კარგავს საქართველო.
გახსოვთ, სულ ცოტახნის წინ 35 მილიონი ევროს დაფინანსება შეაჩერა ევროკავშირმა და შემდეგ 95 მილიონი დოლარის დაფინანსება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რადგან ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი და, ზოგადად, დაუპირისპირდა დასავლეთს და რაც მთავარია, დაუპირისპირდა ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.
ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი დღეს და ყველას თვალებში ერთის მხრივ ვხედავ იმას, რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასევე, ვხედავ დიდ იმედს, 26 ოქტომბრის იმედს და მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც იყო ყველაზე ძლიერი პარტია და ახლა კიდევ უფრო დიდი პლატფორმა, მოგვემატა ამდენი ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც დიდი დამსახურება უკვე აქვს და კიდევ უფრო მეტი ექნება ქვეყნის მომავლის მშენებლობაში. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბერს, ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და ერთიანობით მოვუტანთ ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობასა და სიკეთეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.