გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციაში არანაირი ქონება არ შეუძენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, არიან ორგანიზაციები და სუბიექტები, რომლებიც მსგავსი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ფინანსდებიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„არიან პიროვნებები, ორგანიზაციები, რომლებიც, მათ შორის, ფარა-ს კანონით (ამერიკული კანონით) უკვე გაცხადებულია, როგორც გარკვეული დაფინანსების მიმღები სუბიექტი. არსებობს ერთი ჟურნალისტი, რომელიც ერთსა და იმავე საკითხს ემსახურება - ეს არის საქართველოს დისკრედიტაცია. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენელთან აქვთ ჟურნალისტებს შეხვედრა, ყველამ იცის მისი გვარი, იციან ანაზღაურებისა და ხელფასის ოდენობა. ამ შემთხვევაშიც, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება გარკვეულ მიზანს - მოახდინოს დისკრედიტაცია ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციაში არანაირი ქონება არ შეუძენია. ყველაფერი ღიაა მის დეკლარაციაში და რაც მთავარია, უშველებელი სია არსებობს იმ კეთილი საქმეებისა, რომელიც მან გააკეთა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არ არსებობს არც ერთი თემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება წაუყენო, როგორც ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლად რაიმე ნაბიჯი გადადგა - ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობით ვიმსჯელოთ. ათასი ადამიანი გამოჩნდება ისეთი, რომელიც ან ხელფასით არის დაინტერესებული, ან პირდაპირ ფინანსდება იმისათვის, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს.
აი, მაგალითად, ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება და არა უბრალოდ ჟურნალისტური გამოძიება, პროკურატურისა და შესაბამისი უწყებების გამოძიების პარალელურად მიმდინარეობდა ჟურნალისტური გამოძიება ქოლცენტრებთან დაკავშირებით და დადასტურდა, რომ ამ ქოლცენტრების მართვა დავით კეზერაშვილის ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და გაკეთდა ამაზე სიუჟეტი. ამასთან დაკავშირებით არავის ხმა არ ამოუღია. გუშინწინ გავიგონეთ ასეთი განცხადება ჰელსინკის კომისიის, რომ „ქართული ოცნება“ თურმე ქოლცენტრებიდან მიღებული ფულით აფინანსებს თავის პოლიტიკურ აქტივობას, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ამ პატარა ქვეყნისადმი ასეთი გაავებული დამოკიდებულება, მიკერძოებულობა და უსამართლობა ჩვენი ხალხის მიმართ, მთავრობას რომ თავი დავანებოთ. რაც რეალურია, იმაზე თვალს ხუჭავენ და რაც არის მოგონილი ზღაპარი, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იმის ტირაჟირებას ახდენენ. 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ აქვს გადადგმული ისეთი, რომელიც გაითვალისწინებდა ან რაიმე შემხებლობაშია რუსეთის ინტერესებთან. 2012 წლამდე უამრავი ნაბიჯია გადადგმული იმისთვის, რომ რუსეთს მოეპოვებინა უპირატესობა ამ რეგიონში, ჰქონოდა დღეს დაკავებული ის ტერიტორიები, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და სია ძალიან გრძელია იმ „სიკეთეებისა“, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ რუსეთისთვის გააკეთა.
უნდა ჩაატარო ისეთი კვლევა თუ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ფინანსდება და ასეთ სიცრუეს გამოაჭენებს საინფორმაციო ველზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.