გიორგი ვაშაძე გაერო-ში რუსეთის დელეგაციის მიერ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირებაზე - ეს იყო მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - დიპლომატიურ კორპუსს რომ რეაგირება არ აქვს, მიანიშნებს, რომ მტერთან სინქრონში მოქმედებდნენ

ეს იყო მათი მხრიდან დადგმული მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ის, რომ დიპლომატიურ კორპუსს არანაირი რეაგირება არ აქვს, მიანიშნებს, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს მტერთან, - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, გაერო-ში რუსეთის დელეგაციის მიერ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირებას.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ მზად არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაყიდოს.

მისივე განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რუსეთს მტკიცებულებებს აძლევს.

„ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს დადგენილი აქვთ, რომ ყველაფერში დანაშაული რუსეთს მიუძღვის. აქამდე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ეროვნული ინტერესებისთვის ზიანი მიეყენებინა და ახლა საერთაშორისო ასპარეზზე ღიად და დაუფარავად რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯებს დგამს. მათი პოლიტსაბჭოს განცხადება დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომ რუსეთის დელეგაციას გაეროში მათი განცხადების ციტირება მოეხდინა. ეს იყო მათი მხრიდან დადგმული მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ისინი დამნაშავეები არიან. ამით ისინი ახალი ტიპის მტკიცებულებებს ქმნიან, როლითაც შესაძლოა რუსეთმა შემოგვიტრიალოს საერთაშორისო ასპარეზზე პროცესი. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ვერაგული ქმედებიდან გამომდინარე ხელახლა დაიწყოს განხილვები. სანამ ხელისუფლებაში გვყავს დაჯგუფება, რომელიც მზად არის პირადი კეთილდღეობისთვის გაწიროს ეროვნული ინტერესები, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, ამიტომ ვართ ასეთი ღარიბები, ამიტომ გვაქვს მიგრაცია და დაბალი დემოგრაფიული მონაცემი. ისინი მდიდრდებიან და ამისთვის მზად არიან ეროვნული ინტერესები შელახონ. ეს გააკეთეს მიზანმიმართულად, რომ რუსეთის დელეგაციას ამის ციტირება მოეხდინა და ამაზე, რომ დიპლომატიურ კორპუსს არანაირი რეაგირება არ აქვს, მიანიშნებს, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს მტერთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გაერო-ში რუსეთის დელეგაციის წვერმა დიმიტრი პოლიანსკიმ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ოფიციალური განცხადების ციტირება მოახდინა.

„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“- განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა