აშშ-ში „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ვიზიტი პოლიტიკურ ლიდერებთან, ეს იქნება კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები, ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას მოიტანს და ეს არამარტო ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ ქვეყნის გამთლიანებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ მმართველი პარტია ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას შეინარჩუნებს, აშშ-თან ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება.
“აშშ არის ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და რასაც ჩვენ ვხედავთ, ამ ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად ეს ურთიერთობა არის ნულამდე დაყვანილი. ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, წლების განმავლობაში აშშ-ის პირდაპირმა ინვესტიციამ 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა 2 მილიონი იყო და ეს ყველაფერი არის დღეს უზარმაზარი საფრთხის ქვეშ. ის დიდი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა: „რედისონი“, „მარიოტი“, „კოკა-კოლა“, „მაკდონალდსი“... უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებენ, ხელს უწყობენ სამუშაო ადგილების შექმნას, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში შემოსავალი ჰქონდეთ და ქვეყანა არ დაისაჯოს.
ამ ურთიერთობების დანგრევა უზარმაზარი პრობლემაა ქვეყნისთვის, მაგალითად ავიღოთ ის 95 მილიონი, რომელიც ვერ მიიღო საქართველომ აშშ-გან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, დაახლოებით 300 000 ლარი, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ბევრ კარგ საქმეს მოხმარებოდა.
ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს: თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება, კიდევ უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვა, ქვეყნისთვის ეკონომიკური ეფექტი ძალიან მძიმე იქნება და შესაბამისად, აუცილებელია ცვლილებები, რომელიც უნდა მოიტანოს ერთიანობის იდეამ. ამ არჩევნებმა, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში ახალ ტალღას მოიტანს და მე ვფიქრობ, ერთიანობის ლიდერების ყოფნა აშშ-ში და ის კონტაქტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ზოგადად აშშ-თან, მის პოლიტიკურ ლიდერებთან, ეს იქნება კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები, ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას მოიტანს და ეს არამარტო ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ ქვეყნის გამთლიანებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ჩვენ გვაქვს საბოლოო პერსპექტივა, აშშ-თან ურთიერთობა არის გადამწყვეტი პერსპექტივის შენარჩუნებისა და მისი რეალიზებისთვის”, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, რამდენიმედღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, "დემოკრატიული პარტიის" ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც კამალა ჰარისს, როგორც "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, ოფიციალურად წარადგენენ.