ლევან ბეჟაშვილი - ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ - „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს!

ყოველი არჩევნების წინ “ქართული ოცნებისგან“ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ - “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს! - ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გასამართლების თაობაზე.

ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებით მმართველი პარტიის რეალური მიზანი საზოგადოების დაპირისპირება, დაყოფა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებაა.

“საზოგადოებას ყოველი არჩევნების წინ “ოცნებისგან“ მსგავსი ტექსტი ესმის - რომ უნდა დაამთავრონ “ნაციონალური მოძრაობა“, რომ უნდა გააქრონ რადარებიდან, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ყველას დაიჭერენ და ასე შემდეგ.

ყველა კარგად ხვდება, რომ ეს განცხადება მანიპულაციურია და რეალურად მოსახლეობას ატყუებენ. “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს - არც შეიძლება მთელი 12 წლის განმავლობაში ხალხს ღვარძლით, ბოროტებით და დაპირისპირებით კვებავდე - “ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს და თესავს ღვარძლს!“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მუდმივად საუბრობს ომზე და მისი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა ომი.

„ქართული ოცნება“ მუდმივად საუბრობს ჰიპოტეტურ ომის საფრთხეზე, აშინებს საზოგადოებას და ამ დაშინებას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ დაშინებული საზოგადოების მართვა და მანიპულაციაც ბევრად უფრო ადვილია. მეორე მხრივ, ჰიპოტეტურ ომზე საუბრისას რეალურად, ამ 12 წლის განმავლობაში საზოგადოებას, ხალხს, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ატარებს, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი არ უნდა არსებობდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა არსებობდეს, რადარებიდან უნდა გააქრონ. დღეს ამას დაემატა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ცნება, სადაც ყველა პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და განსხვავებულად მოაზროვნე მოიხსენიება. ამას დაემატა ის, რომ თურმე „საერთაშორისო, გლობალური ომის პარტია“ არსებობს, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამ მარტივი მანიპულაციებით, ტყუილებით ცდილობს ფონს გავიდეს „ქართული ოცნება“ და საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ ყველამ ისწავლა ჭკუა, 12 წლის განმავლობაში ამ რიტორიკამ თავი ამოწურა, ამიტომ არის, რომ მაქვს განცდა „ქართული ოცნება“ გასულია დემოკრატიული საზღვრებიდან და აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებას ტოვებენ, ამიტომ ცდილობენ მაქსიმალურად დაპირისპირება შემოიტანონ და ამით მაინც შეინარჩუნონ ხელისუფლება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, სამართლებრივი პროცესი დაიწყება, რომლის შედეგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა