ჩვენ ოპოზიციაში ყოფნისას ყველა ბერკეტს ვიყენებთ, მივმართავდით ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის ნათია თურნავას, რომ ემოქმედა მოტყუებული პენსიონერების უფლებების დასაცავად,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საპენსიო „ოვერდრაფტის“ განულების თაობაზე სასამართლოს ჯერ კიდევ 13 თებერვალს მიმართეს, თუმცა "ოცნების" "ჯიბის სასამართლოს" პროცესი ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს.
მისივე შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებას დაახლოებით 400 000 პენსიონერისთვის საპენსიო სესხი მოტყუებით აქვს მიცემული.
“13 თებერვალს სასამართლოს მივმართეთ საპენსიო „ოვერდრაფტის“ განულების თაობაზე. „ქართული ოცნების“ “ჯიბის სასამართლომ” დაარღვია ვადა და ჯერ კიდევ არ ჩაუნიშნავს პროცესი, რომელიც ათასობით პენსიონერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 800 000-მდე პენსიონერიდან თითქმის 400 000-ს პენსიონერს მოტყუებით მიცემული საპენსიო სესხი აქვს. თითზე ჩამოსათვლელია იმ პენსიონერების რაოდენობა, რომელსაც არ აუხსნეს განსხვავება „ოვერდრაფტსა“ და ჩვეულებრივ სესხს შორის, არც ის უთხრეს, რომ პანდემიის დროს 3 თვიანი ,,საშეღავათო პერიოდით“ სარგებლობით, სესხის დასრულების ვადა 2-3 წლით გადაიწევდა.
ჩვენ ოპოზიციაში ყოფნისას ყველა ბერკეტს ვიყენებთ, მივმართავდით ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის, ნათია თურნავას, რომ ემოქმედა მოტყუებული პენსიონერების უფლებების დასაცავად. ამას ვაკეთებდით იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ პენსიონერებს ყოფა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პენსიონერებს სჭირდებათ არამარტო სამუდამო ვალისგან გათავისუფლება, არამედ ღირსეული 1000-ლარიანი პენსია.
შევადაროთ, თუ როგორ ლაღად ცხოვრობენ პენსიონერები ევროკავშირის ქვეყნებში და შევადაროთ თუ როგორ ცხოვრობენ აქ, ევროპული სტანდარტებით ნამდვილად არა, სამწუხაროდ... ჩვენ ძვირფას მოხუცებს ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ წამალსა და საკვებს შორის, მათ ყველაფერი ენატრებათ, რადგან ისედაც შემწეობის ტოლფასი პენსიიდან, მოტყუებული პროცენტის ჩამოჭრის შემდეგ, ხელზე მაქსიმუმ 230 ლარი რჩებათ ასაღები, შვილიშვილებთან ერთად გასეირნებაზე საუბარიც ზედმეტია. ამიტომ, სწორედ ამ უსამართლობისთვის ,,ქართულმა ოცნებამ" პასუხი უნდა აგოს. 26 ოქტომბერს ქვეყნის მართვის სადავეები კი ,,ძლიერმა საქართველომ" უნდა გადავიბაროთ და ჩვენ ამას ქართველი ხალხის დახმარებით შევძლებთ", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით კი, 2024 წლის არჩევნები პრინციპულია, რადგან მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას "რუსი ოლიგარქის ხელისუფლებას, რომელმაც კორუფციისა და რუსულ ჭაობში ჩაფლო ქვეყანა".
“პრინციპულ არჩევნებამდე 64 დღე რჩება, როდესაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს უარს ეტყვის რუს ოლიგარქს, რომელმაც კიდევ უფრო გააღარიბა საქართველოს მოქალაქეები და ჩაძირა უიმედობის, კორუფციის, უსამართლობის მორევში და მისი საბოლოო ამოცანაა, რომ საქართველო რუსულ ჭაობში დააბრუნოს. ბედნიერია იმით, რომ მისი დაჯგუფების დამსახურებით დროებით მოახერხა, რომ საქართველოს წინაშე ჩაეკეტა ევროპის და ევროკავშირის გახსნილი კარი. ჩვენ, “ძლიერი საქართველო” მზად ვართ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების არჩევანით დასრულდეს ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დღეს საქართველოში ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ. ეს არ არის ის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ შევეგუებით, რომელსაც ჩვენ მოვითმენთ, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. საქართველოში თითოეულ ხანდაზმულ ადამიანებს ექნება 1000-ლარიანი პენსია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.