26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, აგენტურის მმართველობასა და დემოკრატიული საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას შორის, მკრეხელობის პროპაგანდასა და მორალურ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ამ ვითარებაში დამეთანხმებით არჩევანი ძალიან ადვილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.
„გასული 12 წლის განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რომლებიც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ:
ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;
წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა მედია, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც;
„ქართულმა ოცნებამ“ აამოქმედა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რითაც ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე წლებია სარგებლობს;
ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;
რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;
სპორტის სფეროში ასევე რამდენჯერმე გაიზარდა დაფინანსება და თქვენ იცით რამხელა წარმატება მოუტანეს ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ თითოეული იმ წარმატებისთვის, რომელმაც სიამაყის გრძნობით აგვავსო.
ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უდიდესი წარმატება მოუტანა;
ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;
700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს;
საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
საქართველოს განვითარება უნდა გაგრძელდეს და ეს ყველაფერი თითოეული თქვენგანის ხელშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 26 ოქტომბერს იმართება გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ომზე მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! რამდენიმე დღეში აღინიშნება, მარიამობა, თქვენთვის და ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი საეკლესიო დღესასწაული და ყველას გილოცავთ წინასწარ ამ უდიდეს დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს და ფარავდეს სრულიად საქართველოს,- აღნიშნა პრემიერმა.