ანა ბუჩუკური - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილი ბოლოს იქამდე მივიდოდა, რომ შუშის კოლბიდან მოუწევდა ადამიანებთან მისვლა, საიდან სადამდე - ასე დავარქმევდი დეგრადირების ამ ხარისხს

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ტყუილსა და უღირსობაზეა დაფუძნებული და ხელისუფლება, რომელსაც პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია არ აქვს, დამარცხებულია.

როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბარი „კომიკურია, რადგან მისი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა“.

„საკითხებს, რაც ჩამოთვალეს - პარტიის გასამართლება, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოძიება, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. ეს ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „ოცნების“ მთელი პროპაგანდა და წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებულია ტყუილსა და უღირსობაზე. ხელისუფლება, რომელსაც პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია არ გააჩნია, დამარცხებულია, უბრალოდ ახლა ამ დამარცხებასთან შეგუების მტკივნეულ ეტაპს გადიან“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის კონკრეტულ საკითხებს, ბუჩუკური ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დაპირება კომიკურია.

„ნაცმოძრაობის“ გასამართლების დაპირება კომიკური ტყუილია. 12 წელი ჰქონდა ამისთვის „ოცნებას“. საკუთარი წევრების გასამართლებას აპირებს? „ოცნების“ ნახევარი არის “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი, რომლებიც აფინანსებდნენ და ემსახურებოდნენ “ნაციონალური მოძრაობას”, მათ შორის 2012 წელსაც.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში წარადგინა დელეგატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, რომელიც 2008-2012 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ამ ადამიანების გასამართლებას აპირებთ? - კითხვა, რა თქმა უნდა, ირონიულია.

“ოცნებას” სრულად აქვს რესურსი ამოწურული, რომ რაიმე პოზიტიური დაპირება გასცეს, განსხვავებით 2020 წლისგან, როდესაც მთლიანი პროგრამა მიეძღვნა ევროკავშირში განაცხადის წარდგენას და მთლიანად პოზიტიურ გზავნილებზე იყო აწყობილი.

დღეს პროგრამა აწყობილია შუღლზე.

პარტიას, რომელიც ადამიანებს აპირისპირებს და მისი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მოღალატეებს და აგენტებს უწოდებს, მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს;

პარტიას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ემუქრება - მაგალითად, “გახარიასთან შეხვედრაზე არ წახვიდე თუ არადა სოციალურ დახმარებას მოგიხსნი”, არ აქვს მორალური უფლება, რომ ღირსებაზე ისაუბროს;

პარტიას, რომლის პირობებში ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, მაგრამ ასევე იზრდება სოციალურად დაუცველი ადამიანების და ბავშვების რაოდენობა, ღირსებაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

რაც შეეხება ომსა და მშვიდობას - ომი არის ის ტკივილი, რომელიც სენსიტიური და ცოცხალია ჩვენთვის. სულ რაღაც 16 წლის წინ გადავიტანეთ უკანასკნელი ომი და შიშს იწვევს ამაზე ფიქრიც კი.

ხელისუფლებას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მტკივნეულ და სენსიტიურ გრძნობას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს და ამით გვაშინებს,

ღირსებაზე და მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ეს დარჩა დღეს “ოცნებისგან”,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება ოჯახური ღირებულებების საკითხს, ბუჩუკური ამბობს, რომ “ოცნებას” ამაზე საუბრის უფლება არ აქვს.

“როდესაც ყოველდღიურად იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც შიმშილობენ და იზრდება ოჯახების რაოდენობა, სადაც მშობელი იძულებულია პატარა ბავშვი დატოვოს, საზღვარგარეთ წავიდეს, რათა შვილს ელემენტარული საჭმელი დაუდოს მაგიდაზე, “ოცნებას” ოჯახურ ღირებულებებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა ასევე უპასუხა კითხვას იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ მცხეთაში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული და ეს ფაქტი შემდეგნაირად შეაფასა: “საიდან სადამდე”.

“მე, როგორც “ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილი, რომელსაც თავის დროზე ამხელა მხარდაჭერა ჰქონდა, ბოლოს იქამდე მივიდოდა, რომ შუშის კოლბიდან მოუწევდა ადამიანებთან მისვლა. საიდან სადამდე - ასე დავარქმევდი დეგრადირების ამ ხარისხს”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის