„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ განხორციელდება.
როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება 26 ოქტომბერს არჩევნებს წააგებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით სპეკულაცია ხალხის პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
„ფაქტია, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყანა უკან წავიდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნიდან ათასობით ადამიანი გარბის. ეს არის ყველაზე მკაფიო ნიშანი, თუ რა კრიზისში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო. ასეთ ფონზე ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ხალხის პრობლემებზე საუბარს გაურბის, ხალხის პრობლემები კი საყოველთაოდ ცნობილია. ამ ფონზე ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი გზავნილი მოქალაქეებთან ვერ ექნება. ამ მძიმე მდგომარეობის ერთადერთი ახსნა „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემები, მაფიოზური კლანია, რომელიც ქვეყანას მართავს და ძარცვავს. ასეთ ფონზე ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება ძალადობა, საზოგადოების დაშინების მცდელობაა. რასაც „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ, ერთადერთ რამეს - სისუსტეს ავლენს. ისინი მოახლოებულ წაგებას გრძნობენ, ისინი ხედავენ, რომ ამ არჩევნებში დამარცხდებიან. ბუნებრივია, ისინი სასოწარკვეთილები იბრძვიან იმისთვის, რომ თავიანთი მხარდამჭერების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება იმ აგრესიული, ძალადობრივი, დაპირისპირებაზე გათვლილი რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ექნება, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და ამ ერთიანობით გაიმარჯვებს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველ ძალას საარჩევნო მანიპულაცია ექნება, თუმცა, მათ ეს დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს.
„ასეთ დროს, ბუნებრივია, ერთადერთი რიტორიკა რაც მათ აქვთ, ძალადობის რიტორიკა და დიქტატურის დაანონსებაა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ სვლა აქვს გადაწყვეტილი, ევროკავშირი და დიქტატურა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დიქტატურის დამყარებას უარს ეტყვის.
„ქართულ ოცნებას“ არანაირი შეთავაზება ქართული საზოგადოების მიმართ, რომ მათი პრობლემები მოგვარდეს, არ აქვს. ამიტომ ის საუბრობს აბსოლუტურად გამოგონილ თემებზე. ერთ-ერთი ასეთი გამოგონილი თემა ოპოზიციის გასამართლება და აკრძალვაა. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ხალხის ყურადღებისგან იმ კორუფციული სქემების დამალვაა, რის გამოც ქვეყანაში ეს სავალალო მდგომარეობაა. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მიერ ვერ განხორციელდება, რადგან ის 26 ოქტომბრის არჩევნებს წააგებს, ამიტომ რაიმე ტიპის სპეკულაცია დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხოლოდ ხალხის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. 26 ოქტომბერს, როცა გავიმარჯვებთ, ზუსტად კონსტიტუციის 78-ე მუხლის რეალიზება მოხდება, რათა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღადგინოს. ევროკავშირი არის იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ხალხის წინაშე დგას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნის ტყვიაგაუმტარ მინებში მოთავსებას და აღნიშნა, რომ ივანიშვილი „მშიშარა ადამიანია“.
„ის ყოველთვის ასეთი იყო, ის ყოველთვის ქართველ ხალხს და საქართველოს, როგორც საკუთარი თავის და პირადი ქონების დაცვის საშუალებას უყურებდა. ის არანაირად არ ფიქრობს ქართველი ხალხის, ქართველი ოჯახების, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ის საკუთარი თავის გამდიდრებაზე, საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ის გრძნობს და კარგად ხედავს წაგებას, ის არის შეშინებული, მშიშარა ადამიანი, მისი შიში გამართლებულია, რადგან ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, 26 ოქტომბერს რა უნდა მოხდეს. ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს აღსრულდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ივანიშვილი ქართველი ხალხის ნების აღსრულებას არ გაუძალიანდეს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.