კახა კალაძე - ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ, ამას რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება რად უნდა? მე ხომ არ ვიგონებ?!

ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ, ამას რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება რად უნდა? - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას შეეხებოდა, სადაც საუბარია, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების გადადგომის განცხადებით გამოდიოდნენ და რევოლუციას აწყობდნენ.

„ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. ის დაფინანსებები, რაც ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგისთვის მოდიოდა, საზოგადოებამ იხილა თუ რა პროექტები ფინანსდებოდა ამით. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?! არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგესო ამბობდნენ და რევოლუციას აწყობდნენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის ჩარევას საარჩევნო პროცესში, როგორც კალაძემ აღნიშნა, ამის უფლება არავის აქვს.

„არჩევნებში ჩარევის უფლება არ აქვს არავის და ვერავინ ჩაერევა, ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი. რა თქმა უნდა, ამის მცდელობა არის, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. როგორ წარმოგიდგენიათ, დანიის მთავრობა, რომელიც აფინანსებს ოპოზიციური სპექტრის გასვლებს რეგიონებში და პირდაპირ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ეს ნორმალურია? ის ნორმალურია, როცა სხვა ქვეყნის პრემიერ- მინისტრი ჩამოდის, გამოსულ ადამიანებს ხვდება და რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს? ეს ნორმალური პროცესია? ამიტომ ვამბობ, რომ არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში. „გამჭვირვალობის კანონი“ ამისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას, ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ვინ გეგმავ რევოლუციას საქართველოში, ვინ ებრძვის ეკლესიას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს და ა.შ.“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო