საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი - როგორ გადაწყდება საქმე, ამას არჩევნებზე საბედისწერო გავლენა ექნება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნის პროცესთან დაკავშირებით მედიას განუცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებამდე შეაჩეროს კანონის მოქმედება.
„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი. ბევრი დავა განუხილავს ამ სასამართლოს, მაგრამ ამ სიმძიმის და სახელმწიფოს მომავალზე, ამ გავლენის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილავს. ეს არის საუკუნის პროცესი. როგორ გადაწყდება საქმე, ამას არჩევნებზე საბედისწერო გავლენა ექნება. ჩვენ იმიტომ მოვედით საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ არჩევნებამდე შეაჩეროს სასამართლომ ამ კანონის მოქმედება. თუ არ შეაჩერებს, ის ყოველდღიურად იწვევს შეუქცევად ზიანს. ვინც ამ კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს ეს არის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს. სხვა შემთხვევაში მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ნაცვლიშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ჩვენებებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტები კანონთან მიმართებაში ტყუოდნენ.
„დღეს პროცესზე დავინახეთ ის, რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ჩვენებებმა პროცესზე აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტები ამ კანონთან მიმართებაში თვეების განმავლობაში ტყუოდნენ. გახსოვთ, როგორ ამბობდნენ „ერთი დეკლარაციის შევსებაა და რა პრობლემას ხედავთ“. საკონსტიტუციო სასამართლოში, მრავალი საათის განმავლობაში 4 ადამიანი აღწერდა რა პროცესი შემოაქვს ამ კანონს, რა მასშტაბის ინფორმაციას ამოიღებს ის ორგანიზაციებისგან. შემდეგ დაიწყებენ ამის გადამოწმებას, ნამდვილობის შემოწმებას. ეს არის არა დეკლარაციის შევსება, არამედ კონტროლის დაწესება. არასამთავრობო ორგანიზაციები, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი დრო და რესურსი დაუთმონ მათთან მისული მოქალაქეების სამართლებრივ დავებს, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და დახმარებას, იძულებული გახდებიან, მთელი დრო მოახმარონ ამ უზარმაზარი ინფორმაციის მოგროვებას, რეესტრისთვის გადაცემას და შემდეგ ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას. ორგანიზაციები ამ წრეში იქნებიან სულ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, კანონმა მოქმედება უკვე დაიწყო, რადგან „შიშის გამო“ ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანები სამოქალაქო სექტორს ტოვებენ.
„ამ დღეების განმავლობაში, არა ერთმა ადამიანმა უბრალოდ დატოვა სამოქალაქო სექტორი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს არ უნდათ იყვნენ ამ კანონით დასჯილნი და ა.შ. ეს არის შიშის მაჩვენებელი, რომ ეს კანონი არის სერიოზული პრობლემა. როდესაც ორგანიზაციებს ეუბნებიან, რომ 5000-1000 ლარიან ჯარიმას დაგაკისრებთ, რა თქმა უნდა, ისინი მოიცვა შიშმა. 5000 ათას ლარიანი ჯარიმა როგორ უნდა გადაიხადოს სამოქალაქო ორგანიზაციამ? ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ გადაიხდიან ჯარიმას და დაიხურებიან. ეს არის იმის დადასტურება რომ პროცესი უკვე დაიწყო“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, სხვა პრობლემებთან ერთად კანონი აყირავებს დემოკრატიის მთავარ ფორმულას.
„დემოკრატიის მთავარი ფორმულა არის ის, რომ მოქალაქე არის დამქირავებელი, ხელისუფალი არის მოსამსახურე და მოქალაქე აკონტროლებს ხელისუფალს. ეს კანონი აყირავებს დემოკრატიის მთავარ ფორმულას და იძახის, რომ ხელისუფალი გააკონტროლებს მოქალაქეს. რატომ? - იმიტომ, რომ მოქალაქეს არ დარჩეს შესაძლებლობა გააკონტროლოს ხელისუფლება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.