არ ვფიქრობ, რომ ნდობა დაკარგული გვაქვს. ესეც გარკვეულწილად მიზანმიმართულად შექმნილი აღქმების გამოძახილია. კითხვებისგან, სპეკულაციისგან, მანიპულაციისგან, რა თქმა უნდა, დაცულები არ ვართ, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ცესკოს მიმართ ნდობის ხარისხთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
მისი განმარტებით, ტექნოლოგიები მაღალ სიზუსტესა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაც საზოგადოებაში ცესკო-ს მიმართ ნდობას გაზრდის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ორიენტირებული ვართ ნდობის ზრდაზე და ჩვენი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ნდობა დაკარგული გვაქვს. ესეც გარკვეულწილად მიზანმიმართულად შექმნილი აღქმების გამოძახილია. კითხვებისგან, სპეკულაციისგან, მანიპულაციისგან, რა თქმა უნდა, დაცულები არ ვართ. ჩვენ პულსზე მაქსიმალურად გვიდევს ხელი, იმისთვის, რომ დეზინფორმაციით, არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, საზოგადოება არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. ვცდილობთ ასეთი საკითხების ოპერატიულად იდენტიფიცირებას, რათა საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია ჰქონდეს. ნდობის მთავარი განმსაზღვრელი არის გამჭვირვალე საქმიანობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. რაც შეეხება საკითხს - ამას ტექნოლოგიების გამოყენება რამდენად უზრუნველყოფს, ტექნოლოგია არ შეიძლება განვიხილოთ ზოგადად არჩევნების გარდამტეხ გარემოებად, პანაცეად. ის არის უდავოდ მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა წუხილები, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით არსებობდა, აღმოიფხვრას და მოგვარდეს, ხოლო საარჩევნო პროცესი მთელი ციკლისგან შედგება, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მთლიანობას და რომელიც მოიცავს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინა და პოსტ საარჩევნო პერიოდებსაც, რომელშიც არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, არამედ ბევრი ჩართული მხარეა, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობა გააჩნიათ პროცესთან მიმართებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს უწყებას, რაც რიგ შემთხვევებში არჩევნების შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიები მეტ გამჭვირვალობას, მეტ სიზუსტეს, მეტ სიმარტივეს უზრუნველყოფს, ეს თავის მხრივ, იმ წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც პროცესისადმი და უწყებისადმი ნდობის გაზრდა ჰქვია,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი კალანდარიშვილის მიმართ საარჩევნო სუბიექტებისა და არასამთავრო ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს, კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ის ყველანაირი გავლენისგან თავისუფალია.
„გიორგი კალანდარიშვილზე [გავლენა] არც ჰქონიათ და არც ექნებათ. ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი გახლავთ ის, რომ თავისუფალი ვარ ყველანაირი პოლიტიკური თუ კორპორაციული გავლენისგან და თავისუფალი ვარ ჩემს მოქმედებებში, არა იმიტომ, რომ მე გიორგი კალანდარიშვილი ვარ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ინსტიტუციაა ამ სტატუსის მატარებელი, დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კოლეგიური ორგანო და იქ გადაწყვეტილებები არა გიორგი კალანდარიშვილის ახირებით, ან მხოლოდ მისი ინიციატივით მიიღება, არამედ ეს ხდება კოლეგიურად, როგორც მინიმუმ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელშიც მე, როგორც ერთ წევრს, მსგავსად ჩემი 16 კოლეგისა, 1 ხმის უფლება მაქვს. ჩვენი მიზანია, რომ ინსტიტუცია დავცალოთ პოლიტიკისგან და მაქსიმალურად გავიტანოთ პოლიტიკა აქედან. მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობები მეტი პოლიტიკა იყოს შემოტანილი, ჩვენი მოქმედებების მთავარი მიზანია ინსტიტუცია რაც შეიძლება თავისუფალი და დაცლილი იყოს პოლიტიკური კომპონენტებისგან,“- განაცხადა კალანდარიშვილმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.