არჩილ თალაკვაძე - გვქონდა გულწრფელი შეთავაზება ეკლესიასთან, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს უფრო მყარი გარანტიები, დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის - ამასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება შედგა

ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მზად ვართ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამომავლოდ ეს იქნება ეკლესიის დაცვის კიდევ უფრო ძლიერი გარანტია და იმედი აქვთ, რომ შეტევებს და თავდასხმებს ეს ჩანაწერი თავისთავად დააზღვევს მომავალში.

„ბოლო წლების განმავლობაში არის უპრეცედენტო ზეწოლა, თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე და რასაკვირველია, მიზანი შემთხვევითი არ არის. ამის მიღმა გახლავთ ის, რომ მოშალონ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რომელიც ისტორიულად საქართველოს გამაერთიანებელი იყო, რომელიც ჩვენი საზოგადოების მორალურ საყრდენს წარმოადგენდა და რომელიც ყველაზე რთულ მომენტში ასრულებდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას.

სწორედ ამიტომ ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა და შეტევა ეკლესიაზე, რომ არაფერი ვთქვათ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე. ეს თავისთავად შემაშფოთებელია, როდესაც ხარ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეშფოთება არ არის შენი მოვალეობა. ამიტომ ჩვენ გვქონდა ეს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიასთან, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს კიდევ უფრო მყარი გარანტიები, დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. ამასთან დაკავშირებით შედგა უკვე წინასწარი შეთანხმება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ პოზიტიური დისკუსია წარიმართა ჩვენს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მზად ვართ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში. სამომავლოდ ეს იქნება ჩვენი ეკლესიის დაცვის კიდევ უფრო ძლიერი გარანტია და იმედი გვაქვს, რომ შეტევებს და თავდასხმებს ეს ჩანაწერი თავისთავად დააზღვევს მომავალში”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია