ანა დოლიძე - რეგიონებში სიღარიბე და დამთრგუნველი მდგომარეობაა - თითო ოჯახიდან უცხოეთში მინიმუმ ერთი ადამიანია წასული, ორი თუ არა

პოლიტიკურმა პარტიებმა და გაერთიანებებმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყეს. საარჩევნო სუბიექტები კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა რეგიონში თითქმის ყოველდღიურად ხვდებიან, ისმენენ მათ პრობლემებს და აცნობენ საკუთარ საარჩევნო პროგრამებს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობას გურიაში, აჭარაში, კახეთში, სამეგრელოსა და ქართლში შეხვდა.

სწორედ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების, სიღარიბის დონისა და წინასაარჩევნოდ შექმნილი განწყობების შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ანა დოლიძეს ესაუბრა:

- ქალბატონო ანა, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყებულია და მის ფარგლებში, ოპოზიცია სხვადასხვა რეგიონს სტუმრობთ. მოგვიყევით, რა სახის პრობლემებზე საუბრობს მოსახლეობა?

- ახლა ჩამოვედი გურიიდან, რომელიც მთლიანად მოვიარე. ვიყავი ასევე, კასპში, ქარელში და ხაშურში. ამასთან, სამეგრელოშიც. მთავარი ყველგან ერთი და იგივეა - ეს არის სიღარიბე, ელემენტარული ხელშეწყობა არ არის ინფრასტრუქტურის მხრივ. არსად არის წყალი. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და დამაფიქრებელია. საერთოდ რა ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ, რა კოსმოსში გაფრენაზე ვსაუბრობთ, როდესაც ქვეყნის 90%-ში წყალი არ არის. ამას კიდევ უკავშირდება მთავარი პრობლემა - არ არის არავითარი დასაქმების შესაძლებლობა. ელემენტარული, ახლა თხილის სეზონია. ორ კაკალ თხილს, ვისაც ეზოში აქვს, ყველა ჩააბარებს. აქაც, წყალი არ არის და თხილის ხარისხი დაბალია, ამიტომ მაღალ ფასს ვერ იღებენ. შემდეგ, ყველა დაუბრუნდება იმ საწყის ეტაპს და სიღარიბეს, რომელიც არის ყოველ წელს, ოქტომბრიდან მოსავლის აღებამდე. ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ არანაირი მეგაპროექტები არ განხორციელებულა არც კახეთში, არც გურიაში, რითაც სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა. საკმაოდ დამთრგუნველი მდგომარეობაა. სოფლიდან სოფლამდე ვხედავთ წასულ ადამიანებს. თითო ოჯახიდან უცხოეთში მინიმუმ ერთი ადამიანია წასული, ორი თუ არა. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე რომ მიიწერა გურია სიღარიბიდან ამოვიდაო, ეს არ არის მართალი. ვინმეს თუ რამე აქვს ე.ი. უცხოეთში სეზონურად ან ოჯახებში მუშაობს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ერთი დენდროლოგიური პარკი და მისი კერძო სასტუმრო არაფერ შუაშია. გეტყვით, რა ცუდი სიტუაციაა გურიაში, რომელიც ისედაც ღარიბია. სახელმწიფოს ყურადღება აგროსფეროს მდგომარეობასთან დაკავშირებით, იქნება ეს თხილის მოვლა თუ მოსახლეობისთვის საწამლის მიწოდება, სამწუხაროდ, დაბალია. პოტენციალი ბევრად დიდი გვაქვს. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო თავზე ადგეს, სანთლით ვერ იპოვით ადამიანს. ის წამალი, რომელიც ვაუჩერით არის გამოწერილი, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი არ არის. ეს ერთი და მეორეა წყლის პრობლემა. თავად სოფელმა თუ მოახერხა და ტექნიკური წყალი გადაიტანა, ხომ კარგი, თუ არადა ინფრასტრუქტურა არ არის და ამ ყველაფერს წყალი სჭირდება. მესამე სერიოზული პრობლემა ეს არის ვეტერინარული მომსახურება. ძალიან ბევრ ადამიანს ახლა ღორი დაეხოცა. აქედან შემოსავალს ელოდებოდნენ. ვეტერინარის მომსახურება, ლაბორატორიები არ არის. რომ გვეუბნებიან, ევროკავშირში უნდა გავიტანოთო [მოსავალი], კი გავიტანთ, მაგრამ ამას სჭირდება, წარმოიდგინეთ, ევროკავშირის სტანდარტების ლაბორატორია. ჩვენ ჩვეულებრივი ლაბორატორია არ გვაქვს. ასევე, თვითმმართველობის უყურადღებობა უსერიოზულესი პრობლემაა; ინფრასტრუქტურის მიუხედაობა უსერიოზულესი პრობლემაა. ფასები კი უფრო მაღლა ადის. ხალხი უფრო ღარიბია, ვიდრე იყო.

- თქვენი დაკვირვებით, განსაკუთრებით, რომელი რეგიონი დგას ყველაზე მეტი პრობლემის წინაშე?

- უსერიოზულესი პრობლემაა აჭარაში - ბათუმში, ქობულეთში და შემდეგ, გურიაში - ურეკში. აქ რეალურად გვაქვს ქართული ენის დაცვის პრობლემა. გარდა იმისა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად მიშვებულია და სახელმწიფო არ ერეოდა რუსების ჩამოსვლაში, ახლა უკვე ამ ქალაქების გარუსება ხდება. ნიშნები, მომსახურება და მუსიკა არის რუსულად. ძალიან საშიში ამბავია. მე პირიქით ვფიქრობ, რომ ტურიზმი რუსეთიდან უნდა იყოს, ვაჭრობა რუსეთთან უნდა იყოს, მაგრამ წითელი ხაზი უნდა გავავლოთ იქ, სადაც იწყება საუბარი, რომ მომსახურება და ნიშნები რუსულად იყოს. თუ გახსოვთ, ასე დავკარგეთ სოხუმი.

მთიან რეგიონებშიც ვიყავით, სადაც ძალიან ცუდად ჩატარდა ტურისტული სეზონი. რატომ ჩატარდა ცუდად? იმიტომ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ინერციით არის მიშვებული. თუ ვინმე მოინდომებს და თვითონ გადაწყვეტს საქართველოში ჩამოსვლას, ხომ კარგი. სახელმწიფო არ არის! სამუშაო ადგილები გარდა იმისა, რომ ადამიანი დარჩეს და იმუშაოს პოლიციაში, გამგეობაში ან სკოლაში, არ არის. ეს არის გამოსასწორებელი.

- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, ფაქტობრივად, განახევრებულია. 2014 წელს იყო 11.8%, ხოლო 2023-ში -23.5%. წინასაარჩევნო კამპანიების ფარგლებში თქვენ არაერთხელ შეხვედრიხართ მოსახლეობას და მოგვიყევით, როგორი იყო ადრე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა ამ მხრივ და როგორია ახლა?

- ნახეთ ამ სტატისტიკაში რა პრობლემაა - საქართველოში 2 000 კაცი რომ დარჩეს, ის დოვლათი, რაც ქვეყანაში იქნება, უნდა გაიყოს ამ 2 000 კაცზე. შესაბამისად, თითო ადამიანი გამოვა მილიონერი. სტატისტიკის სამსახურს უხარია, როდესაც საქართველოდან ადამიანები მიდიან, იმიტომ, რომ [დოვლათი] ნაკლებ რიცხვზე უნდა გაიყოს. შესაბამისად, თითო ადამიანი აღმოჩნდება უფრო მდიდარი.

მათი გათვლებით, ბიძინა ივანიშვილის ოცნება უნდა ასრულდეს - წავიდეს ყველა ქვეყნიდან და იყოს მხოლოდ თბილისის ორი-სამი უბანი, ყველა იქნება ძალიან მდიდარი.

- აქვე გვითხარით, თქვენ მიერ უკვე აღნიშნული პრობლემების ფონზე, როგორია მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობები?

- ჩემი თვალით ვუყურე სოფლებიდან სათითაოდ როგორ შეაგროვეს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისთვის ხალხი, ქუჩიდან აკრიფეს. სამარშრუტო ტაქსები ჰქონდათ დაქირავებული და ასე, თითო-თითო აგროვებდნენ სოფლიდან ხალხს. ამ ხელისუფლების მხარდაჭერა არის მიზერული და შედგება მარტო იმ ხალხისგან, ვინც კარგად ცხოვრობს, იმიტომ, რომ მიბმულები არიან ბიუჯეტზე: გამგებლები, ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, სუს-ი, პოლიციის თანამშრომლები - ზედა ფენა მხოლოდ, ქვედა ფენაზე არ ვამბობ. ეს არის ხალხის ძალიან ვიწრო ჯგუფი, რომელიც კვლევებით შეიძლება 20% იყოს, თავის საჯარო მოხელეებით. სხვა ამის იქით, ამ ხელისუფლებით კმაყოფილი ადამიანები არ დადიან. წარმოიდგინეთ რეგიონებში რას აკეთებენ - 300 ლარიან სამსახურზე აფორმებენ ხალხს. სოციალური დასაქმების პროგრამა რომ შემოიღეს, ამ ფულის ჩარიცხვაზეც ახვეწნინებენ. 31 აგვისტოს ოზურგეთში ბიძინა ივანიშვილის მიტინგზე წასაყვანად ხალხს ურეკავდნენ და აორგანიზებდნენ, რომ საჯარო სამსახურში არავინ დარჩენილიყო. ამ ტიპის წნეხი იქნება, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. დიდად რთული გამოსააშკარავებელი არ არის.

- და ბოლოს, უნდა გკითხოთ, რას სთავაზობს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მოსახლეობას სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად?

- მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის ჩვენს პროგრამაში. ეს არის სამართლიანი ანაზღაურება, მინიმალური ხელფასის დაწესება. ნახეთ, იმ ანაზღაურებით, რასაც „ოცნება“ სთავაზობს ხალხს, ცდილობენ ხალხის ყიდვას. 240-300 ლარი - ეს ანაზღაურება საქართველოში აღარ იქნება. მინიმალური ანაზღაურება იქნება 1 000 ლარი. ეს არის ხელფასი, რომლითაც ერთი ადამიანი გადარჩება“.

გვანცა პავლიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო