პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა. საკითხი კენჭისყრაზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებები პარლამენტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გააცნო.
გორდულაძის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ პროექტი, დაახლოებით, 1 000 მსჯავრდებულს შეეხება, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებას, შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, დაუყოვნებლივ დატოვებენ. დაახლოებით, 4 800 მსჯავრდებულზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტით გათვალისწინებული შეღავათი სხვადასხვა ფორმით გავრცელდება და ისინი საპატიმროს ეტაპობრივად - რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელში დატოვებენ. ამნისტია ასევე 7 000 პრობაციონერს შეეხება, რომელთაც პრობაციის ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდებათ.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, ამნისტია არ გავრცელდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 133/1 მუხლით, 133/2 მუხლით, 135/1 მუხლით, 142-ე − 144/3 მუხლებით, 150/1 მუხლით, 154-ე მუხლით, 157-ე - 159-ე მუხლებით, 164-ე მუხლით, 171-ე მუხლით, 172-ე მუხლით, 172/1 მუხლით, 174-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით, 194/1 მუხლით, 222-ე - 226-ე მუხლებით, 228-ე - 235/1 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 238/1 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−255/2 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-4-მე-6 ნაწილებით ან მე-8 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, 273/1 მუხლის მე-8-მე-10 ნაწილებით, 280-ე მუხლით, 344-ე - 345-ე მუხლებით, 353-ე მუხლით, 353/1 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII, XXXVII1, XXXVIII, XXXIX ან XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
ამნისტია ასევე არ ვრცელდება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა ჩაიდინა.
ამნისტია არ ვრცელდება პირის მიმართ, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდეს.
ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.