საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საგამოცდო პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა ადგილზე შეაფასეს.
სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი აქტიურად ემზადებოდა შიდა სამაგისტრო გამოცდებისთვის. დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტში აპლიკანტებს განახლებული სამეცნიერო-კვლევითი ბაზა და ლაბორატორიები ელით.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრანტთა ახალ ნაკადს განახლებული ინფრასტრუქტურით, სამეცნიერო-კვლევითი ბაზებითა და ლაბორატორიებით ხვდება. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ მაღალკვალიფიციური განათლება მიიღონ და მაღალპროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. აღსანიშნავია, რომ მალე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით ამოქმედდება სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც გამოვეხმაურეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივას და აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი პროგრამები წარვუდგინეთ. ვსარგებლობ შემთხვევით და ნაყოფიერი გუნდური საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანად მოდიფიცირებისთვის მადლობას ვუხდი ვიცე-რექტორს, თამარ წერეთელს, სასწავლო პროცესების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს და თითოეულ თანამშრომელს. მათ თავიანთი გამოცდილება და ენერგია არ დაიშურეს მომავალი მაგისტრანტთათვის საგამოცდო და სასწავლო პროცესების მაღალ დონეზე უზრუნველსაყოფად. მომავალ სტუდენტებს წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.
ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 53 სამაგისტრო პროგრამაზე საკონკურსოდ, საერთო ჯამში, 1034 ვაკანტური ადგილი გამოიტანა. პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რეგისტრაცია კი საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულმა 1485 ბაკალავრმა გაიარა.
როგორც ვიცე-რექტორი აცხადებს, პირველი გამოცდა უცხო ენაში დღეს ჩატარდა, შედეგები მომდევნო დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, 2024 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდება.
ვიცე-რექტორის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის სასპეციალიზაციო გამოცდები მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარდება და პირველადი შედეგები 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის 12:00 საათამდე. სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 9 სექტემბერს განთავსდება.