„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ზესტაფონის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ზესტაფონის ოფისი გახსნა. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კოალიციას დღითი დღე მეტი ადამიანი უერთდება.

“მიხარია რომ ზესტაფონში ბევრი ადამიანია და დღითი დღე სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება კოალიციას ცვლილების გარშემო, იქ სადაც ადამიანებს სურთ ცვლილება და არა ჩანაცვლება. ერთხელ და სამუდამოდ, მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს და ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება.

გამარჯვება მოდის გამბედაობით, ბევრი შრომით, მორალური უპირატესობით. უდიდესი მორალური უპირატესობა იგრძნობა ყველგან, სადაც ვხსნით საბრძოლო შტაბს.

ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსვლას. ვერაფერს ვერ მოიპარავს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც გამარჯვების კლიმატი იქმნება. „ქართული ოცნების“ თავზეხელაღებული მხარდამჭერი ვერ გაბედავს გაყალბებას, რადგან ხალხის ნება იქნება ძლიერი.

მნიშვნელოვანია ქუდზე კაცის მოსვლა არჩევნებზე და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება. ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლებაზე უარის თქმა.

ბევრი ადამიანი საქართველოში და ბევრი მის ფარგლებს გარეთ, ემიგრანტი მზად არის ცვლილებებისთვის. უნდა გავიმარჯვოთ ქართველი ხალხის სახელით.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამარჯვებაში. ჩვენ გვსურს, დავარწმუნოთ ქართველი ხალხი, რომ ისინი არიან მთავარი, რომ უნდა აღსრულდეს მათი არჩევანი.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ გამოირჩევა ყველასგან მორალური უპირატესობით, კომპეტენციით, სიტყვისადმი ფასით. ჩვენ დაცლილი ვართ პოლიტიკური მავნე გავლენებისგან და გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელსაც მალე გავაცნობთ საზოგადოებას.

შრომა და ბრძოლა ჩვენი წარსული ისტორიისა და მომავლის წინაშე აღებული ვალდებულების შესასრულებლად”, - განაცხადა მელიამ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ბორის ჩელე ყურუამ კი აღნიშნა, რომ კოალიციის შეხვედრაზე ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი მოდის, ისინი კი არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილება უნდა მოხდეს.

“ჩვენთან შეხვედრაზე ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი მოდის. ესენია არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილება უნდა მოხდეს. ჩვენ მოვდივართ, რომ ვესაუბროთ, მათ ჩვენზე უკეთ იციან, რაც ხდება ქვეყანაში, მათ ეხებათ ეს პრობლემები. ისინი ითხოვენ, რომ მათი პრობლემები ადგილზე გადაწყვიტონ და არა თბილისში ვიღაც ჩინოვნიკმა.

ჩემი აზრით, ეს ხალხი დაგვეხმარება, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიტანოთ ხმა და გავაგებინოთ, ამ არჩევნებზე პასუხისმგებლობის არიდება არ შეიძლება და არჩევნებზე არ წასვლა ნიშნავს, "ოცნების" მხარდაჭერას. თუ ჩვენ საკმარისად მივალთ, შეუძლებელი იქნება გაყალბება,” - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს იმერეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა