„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ “საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული დეკლარაცია კულტურის დემოკრატიულ განვითარებას ისახავს მიზნად.
“კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” 4 სექტემბერს ოფიციალურად ადასტურებს “კულტურა დემოკრატიისთვის” საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობის დაწყებას და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კოალიციის სახელით ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია ხელს მოაწერენ “საქართველოს კულტურის დეკლარაციას”.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს კულტურის პროფესიულ ჯგუფებთან და აგრეთვე, ინდივიდუალურ წარმომადგენლებთან, რომელთა მიზანს კულტურის დემოკრატიული განვითარება წარმოადგენს. კოალიციის ლიდერები დეკლარაციაზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ “კულტურა დემოკრატიისთვის” საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული “საქართველოს კულტურის დეკლარაცია” საფუძვლად დაედება საქართველოს კულტურის მომავალ პოლიტიკას და მათ შორის, დარგობრივი განვითარების სტრატეგიებს.
“კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” იზიარებს იმ ღირებულებებს და კულტურის პოლიტიკის იმ ხედვას, რომელიც “საქართველოს კულტურის დეკლარაციაში” აქვთ შემოთავაზებული ავტორებს და რომელიც ეფუძნება ქართული საზოგადოების ინტერესებს და კულტურის პოლიტიკის ხედვაში ახალი ინიციატივების გაჩენას“ , - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა. ქართული კულტურა ჩვენთვის არ არის უბრალოდ მოცემულობა, რომელიც გაფენილია ხელოვნებაში, ლიტერატურაში და ა.შ. ეს არის ჩვენი ცხოვრების კულტურული კოდები და ჩვენი ცხოვრების წესის შემქმნელი მთავარი წინაპირობები. პოლიტიკოსებს უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ და ყველაფერში შეიძლება, ჩვენ არ ვერკვეოდეთ. ჩვენი დანიშნულება არ არის ყველაფერში ვერკვეოდეთ და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთპიროვნულად. ჩვენი ფუნქციაა მოვუსმინოთ ადამიანებს, რომლებმაც იციან, როგორ უნდა იმართებოდეს დარგი, ვინც მოდის ამ დარგიდან და ვისაც ვენდობით, არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოება.
ჩვენთვის დიდი პატივია ამ ადამიანების აქ ყოფნა, ეს არის გარკვეული ნდობის გამოცხადება. სიამოვნებით ვაწერთ ხელს და ვდებთ პირობას, რომ, როცა ხელისუფლებაში მოვალთ მთელი კოალიცია, აუცილებლად კულტურას ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს როგორც ფინანსური, ასევე თავისუფლების კუთხით, რადგან ხელოვნება ცოცხალია და დამოუკიდებელი“ , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„მიხარია, რომ „კოალიციამ ცვლილებისთვის“ ხელი მოაწერა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს კულტურის სფეროში, რომელიც იქნება თანამედროვე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ფუნდამენტი.
ჩვენ კულტურის სფეროში ვნახეთ წარმოუდგენელი საბჭოთა ნგრევა, რომელსაც უძლიერესი კედელი აღუმართეს კონკრეტულმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკუთარი ტკივილის ხარჯზე ეს სფერო შეინახეს, შეინახეს ღირსება, ქვეყნის იდენტობა და არ გატყდნენ.
მიხარია, რომ ვაწერ ხელს იმ დეკლარაციას, რომელიც იქნება თავისუფალი კულტურის საფუძველი. არასდროს საქართველოში კულტურა არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის“ , - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.