ოთარ შამუგია - 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა დაინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკში, საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურ დირექტორს პეტერ ტაალასს შეხვდა.

მინისტრმა საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შესარბილებლად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, თქვენი ჩართულობით მოვახდინოთ მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელების, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის და ლაბორატორიების მოდერნიზება; ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარება; ამასთან, ადრეული გაფრთხილების სერვისის მიწოდების პლატფორმის მოდერნიზება, ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს მოსახლეობას და დაინტერესებულ მომხმარებლებს; გავაუმჯობესოთ კლიმატის ცვლილების მიმართულებით კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას.

ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალური დირექტორის, პეტერ ტაალასის განცხადებით, მეტეოროლოგიური საერთაშორისო სისტემების დახვეწა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს; შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამის რეფორმებს ნერგავს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას ქართველი ექსპერტებისთვის“, - აღნიშნა ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურმა დირექტორმა.

ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრას და მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას, ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული და საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა