ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა, მათ შორის საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე წინასაარჩევნო გარემოს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლს შეეხებოდა.
გარდა ამისა, სამხარაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს პარლამენტის სპიკერი და არავინ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არ შეხვდა და განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი და აღნიშნული შეხვედრა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იყო ჩანიშნული.
“მე მინდა გამოვეხმაურო იმ ბინძურ ტყუილს, რომელიც გაავრცელეს ოპოზიციონერებმა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მე ბუნდესტაგის დელეგაციას არ ვხვდებოდი. ეს შეხვედრა ჩანიშნული ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იყო, შესაბამისად, თუ ვინმეს. აინტერესებდა, ყველას კარგად შეეძლო ჩაეხედა, რომ ეს შეხვედრა ჩანიშნული იყო და მე ვხვდებოდი. მათ სახეს ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს - ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრეს, რომ 15 წუთში გამოაშკარავდა. შეხვედრის დროს მაშინ თქვეს, რომ თურმე ნიკოლოზ სამხარაძე არ ხვდებოდა დელეგაციას.
რაც შეეხება შეხვედრას, შეხვედრაზე ჩვენ სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი. მათ შორის, საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას. მე გერმანელ კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ამის შესახებ. ამიტომ, ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა”, - განმარტა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა ბუნდესტაგის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სამხარაძემ უპასუხა, რომ ის რეგიონშია და მიზეზიც სწორედ ეს იყო.
“რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, დღეს თბილისში არ იმყოფება. ის რეგიონშია წასული. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საგარეო კომიტეტისა და გერმანულ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს. ირაკლი კობახიძის ადგილსამყოფელს ვერ გეტყვით, თუმცა შალვა პაპუაშვილი ვიცი, რომ იმერეთშია,” - განაცხადა სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანია შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას.
“საქართველოს მოქალაქე და მათთან შეხვედრა ყოველთვის პრიორიტეტულია. ასე უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. ის ფაქტი, რომ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაა პრიორიტეტული, ამიტომ გვაქვს ასეთი დიდი მხარდაჭერა და ამიტომ მოვიგებთ კიდევ ერთხელ არჩევნებს”, - განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, სტუმრებთან შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებმა უარი თქვეს.