გერმანელი დეპუტატები საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების: დებორა დიურინგის (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტის (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტეს, (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდის (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ისინი საქართველოში 4-6 სექტემბერს გამართულ ვიზიტს აჯამებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და „საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს“.

„საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არა მხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა