კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე - კლანი ამ საკითხს პოლიტიკური მდგომარეობის გარკვევამდე არ გადაწყვეტს, სარჩელებზე გადაწყვეტილება კი, არცერთი სასამართლოსგან არ მაქვს

სასამართლოს კლანი მოქმედებს კონიექტურის შესაბამისად. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „კლანი“ გადაწყვეტილებას კონიექტურის შესაბამისად მიიღებს, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ იურისტი კახა წიქარიშვილი სასამართლო სარჩელს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი არდანიშვნის მოთხოვნას ეხება.

საუბარია სასამართლო სარჩელზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატობის ერთ-ერთმა წევრმა მანუჩარ კაკოჩაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა და მოითხოვა, ბათილად იყოს ცნობილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშვნის თაობაზე, ასევე, გამოიცეს ახალი აქტი, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაავალდებულებს იუსტიციის საბჭოში წიქარიშვილის ნაცვლად მოსარჩელე, მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნოს.

როგორც კახა წიქარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კოკოჩაშვილის სარჩელზე შესაგებელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში, ასევე მის უფლებამოსილების დროებით შეჩერების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საბოლოო ჯამში, წიქარიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დანიშვნა-არდანიშვნის საქმეზე გადაწყვეტილება არცერთი სასამართლოსგან არ არის მიღებული, თუმცა ვარაუდობს, რომ საკითხი არ გადაწყდება იქამდე, „ვიდრე პოლიტიკური მდგომარეობა არ გაირკვევა ოქტომბრის არჩევნებით“.

„მანუჩარ კაკოჩაშვილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც ორი მოთხოვნა დააყენა: პირველი, ბათილად იყოს ცნობილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება, მეორე- დაავალდებულა პრეზიდენტი, რომ თავად დაინიშნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამ საქმის პარალელურად, სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც ნიშნავს იმას, რომ მე უფლებამოსილება შემიჩერა. ანუ უკვე ორი საკითხი გაჩნდა, ერთი არის კაკოჩაშვილის სარჩელი და მისი მოთხოვნების განხილვა და მეორე - ჩემი უფლებამოსილების დროებითი შეჩერება. მე გავასაჩივრე მეორე საკითხი. კაკოჩაშვილის სარჩელზე შესაგებელი შევიტანე საქალაქო სასამართლოში, რომელზეც სხდომა ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.

ჩემი უფლებამოსილების შეჩერება მოხდა, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება. მოსამართლემ დააკმაყოფილა კაკოჩაშვილის მოთხოვნა, უფლებამოსილება შემიჩერა და ეს განჩინება მე ცალკე გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში. აპელაციისგან კი, მომივიდა წერილი, რომ ჩემი საქმე განიხილება კანონით დადგენილ 2-თვიან ვადაში. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება არცერთი სასამართლოსგან არ მაქვს მიღებული. პირველ ინსტანციაში საქმე მომზადების ეტაპზეა გაჩერებული, ხოლო მეორე ინსტანციაში საერთოდ არ ვიცი, რა ხდება, მხოლოდ წერილი მივიღე, რომ 2-თვიან ვადაში განიხილება საჩივარი.

სასამართლოსგან ამ საქმეზე ჩემი მოლოდინი ასეთია - კლანი მოქმედებს კონიექტურის შესაბამისად. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კლანი გადაწყვეტილებას კონიექტურის შესაბამისად მიიღებს. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ არ გადაწყვეტენ ამ საკითხს იქამდე, ვიდრე პოლიტიკური მდგომარეობა არ გაირკვევა ოქტომბრის არჩევნებით“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი