საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი ანა ხურციძე აშშ-ს დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის (INADR) არჩეული პრეზიდენტი გახდა. INADR ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ათეული წლის წინ შეიქმნა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს დავის გადაჭრის ალტერნატიული საშუალების - მედიაციით დაინტერესებული დამწყები და პროფესიონალი იურისტებისთვის.
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების სწავლება საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა. სკოლა ყოველწლიურად აფინანსებს სტუდენტების მონაწილეობას პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში. დაუღალავმა შრომამ და უნივერსიტეტის ხელშეწყობამ შედეგი გამოიღო და 2018 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდები სტაბილურად წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო კონკურსების ფინალში და ნახევარფინალებში. 2019 წელს საქართველოს გუნდი INADR სამართლის სკოლების საერთაშორისო მედიაციის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, სადაც 55 გუნდი მონაწილეობდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სამართლის სკოლებიდან. 2020 წელს ჩიკაგოს, ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ კონკურსში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა საუკეთესო მედიაციის პროგრამის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი ერთადერთია საქართველოდან, რომელიც 2019 წელს ICC საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ პარიზში, ყოველწლიურად ორგანიზებულ საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსის ნახევარფინალში გავიდა.
INADR საერთაშორისო მედიაციის კონკურსი სამართლის სკოლებისთვის ყოველწლიურად იმართება და მასში 60-მდე გუნდი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. შეჯიბრს ლუწი წლების განმავლობაში ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მასპინძლობს, ხოლო კენტ წლებში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები აკეთებენ თანაორგანიზებას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საქართველოს უნივერსიტეტი პირველად გახდა INADR-ის მიერ ორგანიზებული მედიაციის ყველაზე ძველი საერთაშორისო შეჯიბრის მასპინძელი, თუმცა პანდემიის გამო კონკურსი ონლაინ ჩატარდა. 2025 წლის მარტში, საქართველოს უნივერსიტეტს კვლავ მიეცა შანსი უმასპინძლოს დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის მიერ ორგანიზებულ მედიაციის ყველაზე ძველ და ცნობილ საერთაშორისო კონკურსს თბილისში, სადაც 300-მდე პროფესიონალი და სტუდენტი ჩამოვა მონაწილეობის მისაღებად.
ანა ხურციძის კარიერული წინსვლა INADR-ში, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო დონეზე აღიარებისათვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს და იმავდროულად ხელს შეუწყობს მედიაციის პოპულარიზაციასა და ამ სფეროს განვითარებას საქართველოში.
(R)