ჯეიმს ო'ბრაიენი - ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი, ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ, ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა

შევაჩერეთ დახმარება, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ეს აუცილებელია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს.

მისივე თქმით, არ სურთ იხილონ იმგვარი ძალადობის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დაბრუნება, რაც ამ გაზაფხულზე იყო.

„მე მეტს ვიტყვი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ: სამოგზაურო შეზღუდვები ამერიკაში, რაც ათობით ადამიანს შეეხო, არ გვაქვს უფლება ვთქვათ, ვის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შევაჩერეთ დახმარება, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს აუცილებელია.

ევროკავშირმა თქვა, რომ [ბლოკში] ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, და დახმარების ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუჩერა საქართველოს იმის გამო, თუ როგორია ეს კანონი. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ იმგვარი ძალადობის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დაბრუნება, რაც ამ გაზაფხულზე ვნახეთ. როცა სამოქალაქო ჯგუფებსა თუ პირებს, ვისი სახელებიც ნახსენები იყო, სტუმრობდნენ ხშირად მოძალადე ჯგუფები რუსული აქცენტით, ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი არის ის, რაც არ შეიძლება ხდებოდეს. ასეთ პროცესებს უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“ , - აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი არ დაუსანქცირებიათ.

„ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ - კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას და თქმას, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერილმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის დასახმარებლად იმაში, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს“,- აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ამასთან, მან პრემიერის, კობახიძის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს და ოპოზიციაში თავდასხმების ინსცენირება იგეგმება მათ ლიდერებზეც. როგორც მან განმარტა, მსგავსი საფრთხის შესახებ არ იციან.

„ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. თუკი ჩვენ რაიმე საფრთხის შესახებ გვეცოდინებოდა, დავეხმარებოდით მის აღკვეთაში. ამ კუთხით, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო. მსგავსი საფრთხის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. რაც შეეხება ადამიანების მიერ საკუთარ თავზე თავდასხმას, ეს არ ჟღერს ისეთ რამედ, რაც პოლიტიკური ოპონენტისგან უნდა დაიჯერო. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე ეს უკვე სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება. ეს ყველაფერი კვლავ შეეხება იმას, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს, აირჩიოს, რა გზით წასვლა სურს, შეეძლოს თვითორგანიზება და ქვეყნის იმ მიმართულებით წაყვანა, რა მიმართულებაც მას სურს, რაც უნდა იყოს ეს. ჩვენ ამის მხარდაჭერას ვცდილობთ“,-აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ