მამუკა მდინარაძე - ქართველი ხალხი აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება! - ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ევროპულ მომავალს

უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება: ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მეორე - ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ახალციხეში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის.

„პირველ რიგში, გუშინდელი დღე, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი საამაყო დღე მინდა გაგახსენოთ და ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მივულოცოთ გამარჯვება და დიდი მადლობა ვუთხრათ. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გაუმარჯოს! ბიჭებს დიდი მადლობა!

მივესალმები ყველა თქვენგანს, მივესალმები თქვენი საოცარი მხარის დელეგატებს საქართველოს პარლამენტში - ბატონ ანტონ ობოლაშვილს და ბატონ სამველ მანუკიანს მივესალმები, ამ საოცარ ხალხს, რომლებიც ძალიან ერთგულად, ჩვენი ქვეყნის ერთგულებით წარმართავენ თავიანთ საქმეს დღესაც და ასე გააგრძელებენ მომავალ პარლამენტშიც.

მივესალმები ახალციხეს, ახალქალაქს, ბორჯომს, ნინოწმინდას, ადიგენს, ასპინძას, ვალეს, ბაკურიანს, წაღვერს, ახალდაბას, აბასთუმანს და ყველა მათ მაცხოვრებელს - ხალხს, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია და განსაკუთრებით ტრადიციების მნიშვნელობა, ძალიან კარგად იცის მშვიდობით და სიყვარულით თანაცხოვრება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის. აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს - საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს და საკუთარ წარსულზე უარს ვერავინ ათქმევინებს, წარსულზე, რომელიც ასევე ღირსეული მომავლის მთავარი საფუძველია.

არ არსებობს, მეგობრებო, სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს, იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება, შეურაცხმყოფელიც კია უკვე. მაგალითად, ბოლო წლებია, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ალბათ, არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა გვქონოდა ომით გარშემორტყმულ რეგიონში, ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში - ამას ებრძვიან სწორედ, ასეთი შედეგებია ვიღაცებისთვის მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ.

უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება: ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მეორე - ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის. არჩევნების შემდეგ უნდა იძახონ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ და ამით გამოიწვიონ მღელვარება. თუმცა, ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება! რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა „რუსული“ ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს და ბოლო-ბოლო, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა