მძიმეა ის რეალობა, რომელშიც ივანიშვილი მოსახლეობას ამყოფებს, ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, რომ 14 მილიარდიანი დახმარება შემოვიდეს, რათა ადამიანებს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე ჰქონდეთ, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალციხეში გაჟღერებული წინასაარჩევნო დაპირებები „ბლეფია“.
„ერთია ის, რას ლაპარაკობს ივანიშვილი და მეორეა, რა კეთდება რეალურად: „სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხისთვის კონკრეტული სათქმელი არაფერი აღარ დარჩა: როგორ აპირებენ ისინი უმუშევრობის, სიღარიბის, გაჭირვების დაძლევას, იმას, რომ ქვეყანა არ დაიცალოს ხალხისგან. საუბრობენ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით. საქართველო რომ ქართველებისგან იცლება, ეს არის მათი ღირებულებები და ეს არის მათი მხრიდან ოჯახების დაცვა? გელათი რომ თავზე გვენგრევა და ამ ეტაპამდე მიიყვანეს, ეს არის მათი ეროვნულობის დაცვა? ეს არის ზოგადი დაპირებები. ივანიშვილის მთავარი დაპირება კი თავისუფალი სიტყვისა და ნების, ქვეყნის დემოკრატიის განადგურებაა, რაც ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ გაჭირვებას, უმუშევრობას, სიღარიბესა და ხალხისგან ამ ქვეყნის დაცლას ნიშნავს.
გამოსავალი არის, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, 14 მილიარდიანი დახმარება შემოვიდეს, რომ ადამიანებს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე ჰქონდეთ, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება. ერთია, რაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი და მეორეა რა კეთდება რეალურად. რომელი მისი დაპირება შესრულდა? არცერთი! რადგან ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა საბანკო ოლიგარქია, მოქალაქეებს ტვირთად აწევთ კრედიტები, პენსიონერებს აქვთ უმძიმესი მდგომარეობა - ელემენტარულად, წნევის წამალიც ვერ უყიდიათ, ადამიანებს არ აქვთ ამ ქვეყანაში შემოსავალი, რის გამოც უწევთ რომ თავიანთი შვილები, ქმრები, დედები, მამები დატოვონ და ქვეყნიდან წავიდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში ვერ შევქმნი სამუშაო ადგილებს და ყველა წადით უცხოეთშიო - ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოქალაქეებს ამყოფებს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.