საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი.

„ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით. აღნიშნული პროვოკაციული ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.

გვინდა მოვუწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინციდენტი, ვინაიდან ამ ტიპის ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს. როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების მთლიანობას.

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ სახალხო დამცველთან ერთად გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ჩართულ მხარეებს გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. შესაბამისად, ყველა მსგავსი შემთხვევისას, მნიშვნელოვანია სათანადო რეაგირება მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც სახალხო დამცველის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას.

ჩვენი მხრივ გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული თანამშრომლის ღირსებას და გამოიყენებს ყველა ზომას, რომ აღკვეთოს საქალაქო სასამართლოში მომხდარი პროვოკაციული ინციდენტის მსგავსი ფაქტები. ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის საქმიანობას მხოლოდ კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ, რომლის კომენტარს ცესკო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია