საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თიენძინის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და მეგობარ უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თიენძინის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯინ დონგანს, ვიცე-პრეზიდენტს მინგ დონგს, ინტელექტისა და გამოთვლების კოლეჯის დეკანს ლი კექიუს, სამშენებლო სკოლის დეკანს ში იანჩაოს, საერთაშორსო განათლების სკოლის დეკანს ლი ქიანგს, საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის დირექტორს ჟანგ ლინგის,უცხოური ენების სკოლის ლექტორს ლი ანქის, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თიენძინის უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.
“ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე მეცნიერებადტევადი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ეს სწორედ ის მოდელია, რამაც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად გააძლიეროს, იმ შემთხვევაში, თუ სწორ მიმართულებას ავირჩევთ და გავითვალისწინებთ მოცემულობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაა მისაღები. ამ ფონზე კი შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს მხრიდან პირველები, ვინც ჩინეთის საინჟინრო აკადემიასთან თანამშრომლობა დაიწყო და რითაც არაერთი დიდი პროექტის ინიცირება მოხდა. რამდენიმე წელია უნივერსიტეტში მოქმედებს ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. ეს არის კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ცნობილია, რომ თიენძინის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია, სადაც შეიქმნა პირველი საჰაერო ძრავა და უპილოტო საჰაერო აპარატი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიო კოსმონავტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია. 1999 წლის 23 ივლისს, სტუ-ის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ჩართულობით, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - რეფლექტორი ორბიტაზე გავიდა. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ NASA - სთან თანამშრომლობას. ასევე, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ჩინელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
თიენძინის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს საინტერესო და საქმიანი შეხვედრისთვის. როგორც ჯინ დონგანმა აღნიშნა, სამუშაო ვიზიტის მიზნის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება უნივერსიტეტებს შორის - მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თიენძინის უნივერსიტეტის დელეგაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტსა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები დაათვალიერა.