ხათუნა სამნიძე - ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეუბნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მოისყიდის - ცდილობენ, „ნაცარი შეაყარონ თვალში“ საკუთარ მოქალაქეებს, თითქოს ვიღაც გონზე არ არის და არ იცის, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია

ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეუბნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ „ასე მოგისყიდით“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის.

ხათუნა სამნიძემ „პლიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი აღნიშნული განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს მიზანმიმართულად შეურაცხყოფას აყენებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია, მას ძალიან კარგად ესმის არსი არასამთავრობო ორგანიზაციის და რატომ ჰქვია საერთოდ „არასამთავრობო ორგანიზაცია“, იმიტომ, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს მთავრობასთან, არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმეს. მისი ეს განცხადება იმიტომ კი არ არის, რომ არ იცის, რას ნიშნავს, არამედ მიზანმიმართულად შეურაცხყოფას აყენებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ, მთავრობა დაგაფინანსებთ. ასევე ის შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც თვლის, რომ ვინმემ რაიმე არ იცის, გონზე არ არის, წაკითხული არ აქვს ან ცოდნა არ აქვს იმისა, რას ნიშნავს არასამთავროო ორგანიზაცია და რას ნიშნავს, როცა ორგანიზაციას, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს, ეუბნები, რომ მე დაგაფინანსებ ბიუჯეტიდან და შენ მერე მე გამაკონტროლებ.

არასამთავრობო ორგანიზაციები იქმნება იმისათვის, რომ გააკონტროლონ მათ შორის მთავრობის მოქმედებები, თანხების ხარჯვა იქნება ეს თუ კორუფციული საკითხები. ამით ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეუბნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ „ასე მოგისყიდით“. ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა და ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია“,, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კითხვაზე, რატომ შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის მთავრობა აფინანსებდეს დონორ ორგანიზაციას, რომელიც შემდეგ საქართველში არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდეს და რატომ არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იხარჯებოდეს, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა აფინანსებდეს ის, ვისი გაკონტროლებაც მის მიზნებშია.

„დამოუკიდებელი რომ იყოს ორგანიზაცია, მას არ უნდა აფინანსებდეს ის, ვისი გაკონტროლებაც მის მიზნებშია. ეს მდინარაძემაც ძალიან კარგად იცის და ბატონმა კობახიძემაც, მაგრამ ორივე ცდილობს, რომ ნაცარი შეაყაროს თვალში საკუთარ მოქალაქეებს და დასცინოს. დიდი ხანია „ქართული ოცნება“ დასცინის საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის პროპაგანდით და ტყუილების ტირაჟირებით და ახლაც თვლის, რომ ასე უნდა სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს და უთხრას, რომ მე დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს. სინამდვილეში რუსული კანონი იმიტომ მიიღეს, რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა