ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.

„ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამდენად, თქვენს შრომასა და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველანი ერთად ვისწრაფვით.

ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას -2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები.

წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9698 მლნ.კვტ.სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის, 14911 მლნ.კვტ სთ.-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში.

2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ,“- განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია