კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამები ამოქმედდეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამები ამოქმედდეს.

აღნიშნული განცხადება „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა ბრიფინგზე გააკეთეს. კოალიციის ერთ-ერთი წევრის, რევაზ აფხაზავას განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ 10%-ში შედის, სადაც არანაირი სასკოლო კვება არ არის. გარდა ამისა, მისი თქმით, ახალი სასწავლო წელი, კვლავ პრობლემებით იწყება, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას თუ სხვა საკითხებს.

„საქართველოში, სამწუხაროდ, ნორმალიზებულია, რომ არ არ არის სასკოლო კვება და „რა მოხდა, ესეც უნდა იყოს“. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს ქვეყნების 10%-ში შევდივართ, სადაც არანაირი სასკოლო კვება არ არის. ასევე რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არანაირი სასკოლო კვების პროგრამა არ ხორციელდება ჩვენი მოსწავლეებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი არის ასეთი ტიპის პროგრამები. განათლების ხარისხთან და სხვა პრიორიტეტებთან ერთად ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დიდ ხანს დავაყოვნოთ მოსწავლეები სკოლაში და მათ განათლების ხარისხზე უფრო მეტად ვიზრუნოთ.

მეორე საკითხი არის მათი ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან, მიუხედავად იმისა მოსწავლეები სოციალურად დაუცველები არიან თუ სხვა სოციალური სტატუსის მატარებლები, ისინი არაჯანსაღად იკვებებიან სკოლაში, რაც მათი ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს.

მესამე ეს არის სოციალური ფაქტორი. ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველი მოსწავლე გვყავს, ამდენი მოსწავლე, რომელიც საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ასეთი ტიპის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

კოალიციის კიდევ ერთი წევრის, სიმონ ჯანაშიას თქმით, სამი საკითხის გააზრებაა მნიშვნელოვანი, მათ შორის ის, რომ განათლების პოლიტიკაში რიგი საკითხი შესაცვლელია.

„პირველი - განსაკუთრებით პანდემიის დროს ჩვენ დავინახეთ, რომ სკოლას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია და ეს არ არის უბრალოდ ადგილი, სადაც მათემატიკას ან ისტორიას სწავლობენ მოსწავლეები, არამედ არის ადგილი, სადაც ისინი თავის ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ. სოციალურად ღირებული პროგრამების ამუშავება განათლების სისტემაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად სახელმძღვანელოების ან პროგრამების გაუმჯობესება ან მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს არ არის უბრალოდ მოსწავლეების დახმარება, რომ უკეთესად იცხოვრონ. ეს არის განათლების სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ ნაბიჯს შეუძლია აამაღლოს განათლების ხარისხი, როცა მოსწავლეებს არ შეუძლიათ, რომ იაზროვნონ, იფიქრონ იმ საკითხებზე, რომლებსაც სწავლობენ, ცხადია განათლების ხარისხი ვერ იქნება მაღალი. ყველა კვლევა გვაჩვენებს იმას, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სიღარიბეში სწავლობენ ბევრად უარეს შედეგებს აჩვენებენ ვიდრე სხვები.

მესამე, რაც მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ უკვე მეხუთე წელია გვეუბნება, რომ აპირებს ამ პროგრამის ამუშავებას, მაგრამ სინამდვილეში არ აპირებს. ჩვენ, აშკარად, რაღაც უნდა შევცვალოთ განათლების პოლიტიკაში და უნდა შეიცვალოს ხელისუფლებაც, რომ ეს პოლიტიკაც შეიცვალოს“,- განაცხადა ჯანაშიამ.

კოალიციის კიდევ ერთი წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, საქართველოში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20% არის სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება მათი განათლების ხარისხზე.

„ჩვენ, ყველამ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ საუბარია სადღაც 180 000-ზე მეტ ბავშვზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მუდმივად განიცდის შიმშილს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოებრივი სიკეთეები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. სწორედ, ამას ითვალისწინებს ჩვენი საარჩევნო გეგმის, „ილიას გზის“ მთავარი ხაზები, როგორიც არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, როგორიც არის 1000 ლარიანი პენსია, ასევე, ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირება, დიდი მეგაპროექტები და ჩვენ, სწორედ, ასეთ დიდ პროექტად განვიხილავთ და ვუყურებთ ბავშვთა კვების პროგრამების შეტანას სკოლებში და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალიან მალე, სკოლებში ამოქმედდეს ბავშვთა კვების პროგრამები“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ