საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა მოსკოვის ხელს ამ [უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ] საკამათო კანონის მიღების უკან?
პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატიური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა“, - დასძინა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას, შეიძლებასაქართველოში ძალიან ცუდად წავიდეს საქმე, შეიძლება რომ სისხლი დაიღვაროს? პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის.
მისივე განცხადებით, მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ.
„არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.