პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ „ნაცებისა“ და „ოცნების“ ტანგო ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პალიტრანიუსის გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიას, რომელმაც საზოგადოება დახლიჩა და ერთმანეთს დააპირისპირა, მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ „ნაცებისა“ და „ოცნების“ ტანგო. ბუნებრივია, ეს პარტიები ვერ გაქრებიან და რაღაც რაოდენობის მხარდამჭერები ერთსაც ეყოლება და მეორესაც, მაგრამ ძალიან მწყდება გული, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ამ ორი პარტიის შემხედვარე. „ნაცები“ და „ოცნება“ ჩემთვის არიან ერთი ჯოხის ორი ბოლო, იმიტომ, რომ ისინი არა მარტო სიტუაციურად არიან მოკავშირეები.
„ქართული ოცნების“ რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად ყალბი. იმის ნაცვლად, რომ რეალური პრაგმატული პოლიტიკა განეხორციელებინა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შედეგ და ეს ვითარება ჩვენს ქვეყანას სათავისოდ გამოეყენებინა, ადგა ბიძინა ივანიშვილი და მხარე აირჩია ამ კონფლიქტში, თან რომელი მხარე... ამით ივანიშვილმა, რეალურად, საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ რისკები გაზარდა.
პარტია, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ერთმანეთს აპირისპირებს და უკვე დაყო საზოგადოება აგენტებად და მოღალატეებად, ასეთ პარტიას მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. პარტია, რომელიც ადამიანს იმას ეუბნება, რომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე არ წახვიდე, იმიტომ, რომ სოციალურ დახმარებას მოგიხსნი და შენს შვილს სამსახურიდან გავაგდებ, ასეთ პარტიას ღირსებაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ირაკლი კობახიძის ღირსებით აპირებენ, როგორც ჩანს, ცხოვრების გაგრძელებას. კეთილდღეობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს პარტიას, რომელიც გაზრდილ ეკონომიკას ანაწილებს ათეულობით ოჯახის ჯიბეში და საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა“ , - განაცხადა ბუჩუკურმა.