კახა კალაძე - 2017 წელს თბილისში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, 687 000-ზე მეტი დაფიქსირდა - ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა

თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო პოლიტიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც საერთაშორისო კვლევებითა და გამოკვეთილი მგზავრთნაკადის საჭიროების მიხედვით დაგეგმილ დერეფნებს გაივლის. დღეის მდგომარეობით, საავტობუსო პარკის შემადგენლობა უპრეცედენტოა და შეადგენს 1 935 ერთეულს, რითაც არსებითად გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა. აქვე, შეგახსენებთ, რომ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ევრო 6 ემისიის სტანდარტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის კუთხით. კარგად მახსოვს, 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, თუ რა მდგომარეობა გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და რა რაოდენობით. დღეს უკვე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საზოგადოებას კერძო ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

„2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთი მხრივ, ლოგიკურია - ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრნახევარზე ნაკლებ მანძილზე. ვხედავთ, როგორ ვითარდება ქალაქში საავტობუსო ზოლების სისტემა. თითოეული ახალი დიზაინი, რომლითაც მიმდინარეობს გზებისა და გამზირების, მოედნებისა და სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, ფოკუსირებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურის და შშმ პირებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე, ეკომეგობრული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე. ეს მიდგომა არის ერთადერთი აპრობირებული და უალტერნატივო პრაქტიკა კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასაჩქარებლად და ქვეითთა და მგზავრთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მცირე მანძილებზე საფეხმავლო და საველოსიპედო გადაადგილება, უკვე არსებული, 77-კილომეტრიანი ურთიერთდაკავშირებული საავტობუსო ქსელის გამოყენება მინიმალური გადაჯდომებით, მეტად ეფექტიანს ხდის მგზავრობას, ამასთან ხელს უწყობს, ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძების განტვირთვას, რაც თავის მხრივ, პირდაპირ აისახება გაუმჯობესებულ საგზაო უსაფრთხოებაზე და ჰაერის მდგომარეობაზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი