სპორტსმენების მიმართ ბულინგი სამარცხვინოა - ჩვენ სიაში „ლუზერებს“ არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სპორტსმენების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია.
“სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა. სპორტსმენები სწორედ ის ხალხი არიან, ვისაც ყველაზე კარგად ესმის შრომის ფასი და ვისაც თავის შრომის ფასად უდიდესი წარმატებები აქვთ მიღწეული. ამ ადამიანების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. საზოგადოება შედგება სპორტსმენებისგან, მუსიკოსებისგან, შემოქმედთაგან, ინჟინრებისგან, ეკონომისტებისგან და რა არის გაუგებარი, რომ რამდენიმე ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში თავის სფეროს და იღვაწოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა ზოგადად, ქართულ სპორტში?” - აღნიშნა ოდიშარიამ.
როგორც ოდიშარიამ განმარტა, წარმატებული ადამიანების “ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.
“ჩვენ სიაში "ლუზერებს" არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანების “ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა”, - განმარტა მან.
რაც შეეხება კითხვას პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი სიაში ყოფნა ბუნებრივია.
“მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ძალიან ბუნებრივია. ადამიანი არის პოლიტიკაში, უპირობო ლიდერი და ავტორიტეტი “ქართული ოცნებისთვის” და ჩვენი მრავალ ათასიანი მომხრეებისთვის. ამიტომ, ყველას სურვილი და მისი შესაბამისი გადაწყვეტილება იყო, რომ ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილიყო. “ქართულ ოცნებას” აქვს 60%, რაც უმეტესწილად განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. რა არის აქ გასაკვირი?”, - განაცხადა ოდიშარიამ.
კითხვაზე, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, ოდიშარიამ უპასუხა, რომ ის პარლამენტის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო თანამდებობებზე იქნება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე თუ სხვები, გადაწყვეტილებები მომავალში იქნება.
“რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები გაიმართება ძალიან მალე, არჩევნებთან მიახლოებულ თარიღებში და შესაძლოა, პოლიტიკურმა საბჭომ, პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადოს ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ. ვიდრე პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები არ იტყვიან, მე თავს შევიკავებ ასეთი კომენტარისგან”, - აღნიშნა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.