ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
მისი თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას განახლებული გუნდი შესთავაზა.
„ხაზი მინდა გავუსვა იმ გამოხმაურებებს, რაც ოპოზიციის, მათი მხარდამჭერების მხრიდან ისმის. ეს განცხადებები მათ რეალურ მდგომარეობას მიუთითებს, სად იმყოფებიან და რა მდგომარეობაში. ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლავთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ვინც გუნდის განახლება შეძლო და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა. შესთავაზა ის გუნდი, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარლამენტში იმუშავებს, მოემსახურება ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, დაიცავს ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესს და ყოველთვის ქართულ ინტერესებს გაატარებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იცით, რომ ეს არის ადამიანი, ვის ირგვლივაც სრულიად საქართველო გაერთიანდა 2011 წელს და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა. ჩვენ დავამარცხეთ ბოროტება, ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებდა და უდიდეს პრობლემებს უქმნიდა ქვეყანას, ხალხს. გვახსოვს, როგორ ექცეოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და რა ვითარება იყო. შესაბამისად, მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, პატივისცემა საზოგადოებაში თავისი გაკეთებული საქმეებით, თავისი წარსული ცხოვრებით, ამწყოთი. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი როლი იმაში, რომ ქვეყანაში დღეს მშვიდობა გვაქვს. ეს პრაგმატული პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება, სადაც გათვალისწინებული იქნება ქართული და ქართველი ხალხის ინტერესი",-განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, კალაძემ არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ მათთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„რაც შეეხება თანამდებობებს, დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სახით, მინდა გულწრფელად წარმატებები ვუსურვო მას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი როლი არის განსაკუთრებული ქართულ პოლიტიკაში, მისი როლი განსაკუთრებულია დღევანდელ მოცემულობაში. რაც შეეხება თანამდებობებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ვინ, სად ვიქნებით და როგორ. მთავარი არის ის, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ და ყოველთვის, რაც არ უნდა შემოტევები, ზეწოლა იყოს, გავატარებთ იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც საქართველო ჰქვია",-განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კანდიდატებად წარდგენილი სპორტსმენების გაკრიტიკებას. მისი თქმით, „ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ“.
„ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რადიკალიზმს, ბოროტებას საზოგადოება 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს. საქართველოში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც თავანთი გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, არიან მოღალატეები, აგენტები. ასეთი ადამიანების ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკში, ზოგადად, ქვეყანაში უნდა იყოს პრობლემა და საზოგადოებას აქვს კიდეც ასეთ ადამიანებთან შესაბამისი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.